"ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებას ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების გაზრდას სთხოვენ. ამის შესახებ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა მაგდა ანიკაშვილმა განაცხადა.
"მთავრობამ წარმატებულად შეაფასა იაფი დაზღვევის პროგრამა იმ არგუმენტით, რომ უფრო მეტია დაზღვეული, ვიდრე მოელოდნენ. თუმცა შეგვიძლია ამოვიღოთ ჯანდაცვის მინისტრის განცხადების სტენოგრამა, სადაც ის ამბობს, რომ ხელისუფლება ნახევარი მილიონი ადამიანი დაზღვევას ელოდა. დღეს 124 000 მოქალაქეა დაზღვეული და ნახევარ მილიონსა და 124 000-ს შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა", - აღნიშნა დეპუტატმა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ იაფ დაზღვევას უნდა ჩაენაცვლებინა ის პროგრამა, რომელიც ადამიანებს უბედური შემთხვევისას ემსახურებოდა და რომლის მიხედვითაც, 6 დღე რეანიმაციაში მკურნალობა უფასო იყო.
"თუ ვინმეს რამე დაემართა ადამიანები იძულებულები არიან გაყიდონ უძრავი ქონება, გაღატაკდნენ და ისე გადარჩნენ", - აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი.
ამასთან, ანიკაშვილმა ჰოსპიტალურ სექტორზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის თქმით, 100 ახალი საავადმყოფოს ნაცვლად, ქვეყანას ექნება 146 ახალი საავადმყოფო.
"აქ მთავარი რიცხვები არ არის. მთავარი ისაა, რომ მოქალაქეებმა შეძლონ იქ შესვლა და მკურნალობა", - განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა, რომლის თქმითაც, მისთვის გაუგებარი რჩება, როგორ აპირებს მთავრობა ჯანდაცვა ხელმისაწვდომი გახადოს.