ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი „ომის პარტიის“ წარმომადგენლები არიან. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდერ სტუბის განცხადებები, რომლითაც მან რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის დარტყმებს მხარი დაუჭირა, აჩვენებს, რომ ის, ისევე როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი, „ომის პარტიას“ მიეკუთვნება.
„ვხედავთ, რომ ესკალაციის გამომწვევი განცხადებები ჭარბობს. ბატონი სტუბი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად, „ომის პარტიის“ თვალსაჩინო წარმომადგენელია. მათ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მსგავსი სამხედრო განწყობის განცხადებებით თავი გამოიჩინეს“, - განაცხადა პესკოვმა.
უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს კიევში ვიზიტისას ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ სტუბმა განცხადა, რომ რუსეთის სიღრმეში დარტყმებს მხარს უჭერს.
სტუბმა განაცხადა, რომ უკრაინის პარტნიორებმა უნდა გააძლიერონ უკრაინის შესაძლებლობები რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის - როგორც რაკეტებით, ისე დრონებით. მისი თქმით, ამის მიზეზი მარტივია: ეს რუსეთისთვის ომის ფასს ზრდის.
მან კონკრეტულად ახსენა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ლოგისტიკური ცენტრები, მათ შორის Wildberries-ის საწყობები. მისი შეფასებით, ასეთ დარტყმებს შეუძლია რუსეთში ომის დასრულების მოთხოვნა გააძლიეროს.
სტუბის თქმით, რუსეთში 65% უკვე ომის დასრულებას ემხრობა, ხოლო ისეთი ლოგისტიკური ობიექტების წინააღმდეგ დარტყმებმა, როგორიცაა Wildberries, ეს მაჩვენებელი კიდევ 10 პროცენტული პუნქტით გაზარდა.
შეკითხვაზე, მიიჩნევს თუ არა უკრაინის ასეთ მოქმედებებს გონივრულ სამხედრო სტრატეგიად, სტუბმა უპასუხა, რომ დიახ, ეს გონივრული სტრატეგიაა და მისი აზრით, სწორედ ეს არის გზა, რომელიც რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიყვანს.