ევროკავშირის დელეგაცია ქვემო ქართლში ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა. ევროკავშირის პროექტის მენეჯერმა საქართველოში - ევა ბლანკომ და ევროკავშირის ახალმა ელჩმა - ფილიპ დიმიტროვმა მინისტრთან ერთად რუსთავში, კოდასა და წინწყაროში დევნილთა საცხოვრებელი პირობები დაათვალიერა.
სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაცია ძირითადად დევნილთა განსახლების ალტერნატივებით დაინტერესდა.
სამინისტრომ წინწყაროში დევნილებისთვის 2 სართულიანი კერძო სახლები, სახნავ-სათეს მიწებთან ერთად შეიძინა. წინწყაროში 54 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. აქედან კოდორიდან დევნილი 14 ოჯახი იქ სამი კვირის წინ ჩასახლდა. ეს ის დევნილები არიან, რომლებიც თბილისში სხვადასხვა ობიექტებში თვითნებურად ცხოვრობდნენ. ერთ-ერთი ოჯახი რომელსაც დელეგაცია ესტუმრა ქალდანების 8 სულიანი ოჯახი იყო, რომლებიც თბილისში ერთ ოთახში ცხოვრობდნენ.
ეკა ქალდანი, კოდორიდან დევნილი: „ჩვენ 8 სული ვართ. თბილისში, სხვის საკუთრებაში ერთი ოთახი გვქონდა დაკავებული. აქ 2 სართულიანი სახლი გვიყიდეს, ოთახებიც მოგვწონს, სურსათითაც გვეხმარებიან. იმ ერთ ოთახთან ამ სახლის შედარება არც შეიძლება. სახნავ-სათესი მიწაც მოგვცეს, ეზოც გვაქვს. ბავშვები სკოლაში წავიდნენ და ძალიან მოსწონთ. თავიდან გადმოსვლა გაგვიჭირდა, მაგრამ ნელ-ნელა ვეჩვევით."
როგორც მინისტრმა, კობა სუბელიანმა აღნიშნა, სამინისტრო დონორებთან ერთად, რეგიონში ჩასახლებული დევნილების გაძლიერებასა და სოფლის მეურნეობის კუთხით დახმარებაზეც მუშაობს: „სადაც ეს ადამიანები დროებით ცხოვრობდნენ, ეს მათი არალეგალური მდგომარეობა იყო. ცაში გამოკიდებულები იყვნენ, ძალიან პატარა ფართი ჰქონდათ და ძალიან ცუდ პირობებში ცხოვრობდნენ. მათ სხვადასხვა ალტერნატივა შევთავაზეთ. ვისაც სოფელი უნდა, შეუძლია, სოფლის ტიპის დასახლებები აირჩიოს, სადაც მიწაც ექნებათ, დაამუშავებენ, მოსავალს მოიყვანენ და საქონელსაც იყოლიებენ. ეს არის მდგრადი სახლები. ცოტა ხელის შევლება უნდა, რადგანაც ოჯახები აქედან დიდი ხნის წინ გავიდნენ. დევნილთა მეორე ნაწილი ჩავასახლეთ კომპაქტურ ობიექტებში, რომელიც გარემონტებულია. მაგალითად ბაკურციხე, რომელიც ნახევრად სოფლის და ნახევრად ქალაქური დასახლებაა. ჩვენი მიზანია მათ დავეხმაროთ, ძროხები, ცხვრები შევუძინოთ, რომ უკეთეს პირობებში იცხოვრონ."
ევროკავშირის ელჩმა კი აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის და დევნილთა დახმარება გაგრძელდება: „ევროკავშირი ეხმარება საქართველოს მთავრობას, რომ მოაგვაროს დევნილების პრობლემები. განსაკუთრებით ეს ეხება დევნილთა განსახლებას. ჩვენ უკვე დავხარჯეთ 150 მილიონი დევნილებისთვის და მათი განსახლების პროექტებისთვის, თუმცა მხოლოდ განსახლება საკმარისი არ არის, ასევე საჭიროა დევნილებისთვის საარსებო წყაროს შექმნა, მათი დასაქმება. ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ საქართველოს მთავრობის და დევნილების დასახმარებლად."