გაეროს უშიშროების საბჭოს ირანის სანქციების კომიტეტში რუსეთის მხარდაჭერით კმაყოფილნი არიან. როგორც "იტარ-ტასი" იუწყება, ამის შესახებ კომიტეტის ექსპერტების ჯგუფის კოორდინატორმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
"უპირველესად გვსურს, მხარდაჭერა უშიშროების საბჭოს ყველა წევრისგან მივიღოთ, რამდენადაც კომიტეტი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. სიხარულით შემიძლია აღვნიშნო, რომ რუსეთისგან ამ მხარდაჭერას ვიღებთ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ.
კითხვაზე, მზადდება თუ არა ირანის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი, ზურაბიშვილმა განაცხადა, "მე ვარ გაეროს უშიშროების საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის ჯგუფის კოორდინატორი. ჩვენ ვაკვირდებით არსებული სანქციების შესრულებას, აღვნიშნავთ შეცდომებს და მიგვაქვს შესაბამისი ინფორმაცია უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებთან. ჩვენ არ ვართ ის ორგანო, რომელსაც შეუძლია, ირანთან მიმართებაში რაიმე სახის ახალი სანქციების დაწესებაზე ისაუბროს".