რაკეტების მწვავე დეფიციტის გამო დონალდ ტრამპსა და პიტ ჰეგსეთს შორის კონფლიქტი მოხდა. ინფორმაციას The Washington Post წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
The Washington Post-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა პენტაგონის ხელმძღვანელს კემპ-დევიდში მთავრობის კაბინეტის შეხვედრაზე ირანთან ომის ფონზე რაკეტების დეფიციტის გამო ახსნა-განმარტება მოსთხოვა.
WP-ის ერთ-ერთი წყაროს თქმით, სწორედ საბრძოლო მასალის, განსაკუთრებით კი შორი მოქმედების მართვადი რაკეტებისა და საჰაერო თავდაცვის რაკეტა-გადამჭრელების, დეფიციტი გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ტრამპმა ბოლო დღეებში ირანზე დამატებითი ფართომასშტაბიანი დარტყმების განხორციელებაზე უარი თქვა.
ჰეგსეთმა პასუხისმგებლობა თავის მოადგილეს, სტივენ ფაინბერგს დააკისრა. მისი თქმით, სწორედ ფაინბერგმა ვერ უზრუნველყო საკმარისი მარაგების შენარჩუნება და ტრამპისთვის ამ პრობლემის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება.
WP აღნიშნავს, რომ ეს დაპირისპირება ტრამპის მზარდ იმედგაცრუებას უსვამს ხაზს თავდაცვის მდივნის მიმართ. გამოცემის ცნობით, ბევრი მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ ჰეგსეთი თავდაპირველად ირანთან სამხედრო მოქმედებების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი იყო და ტრამპს არწმუნებდა, რომ ეს იქნებოდა სწრაფი და შედარებით მარტივი გამარჯვება.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლევიტმა Washington Post-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.
„ეს 100%-ით „ფეიკ ნიუსია“. მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. პრეზიდენტ ტრამპს მდივანი ჰეგსეთის მიმართ უდიდესი ნდობა აქვს“, - განაცხადა ლევიტმა