გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ დობრინდტმა განაცხადა, რომ ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი ნივთიერებით აღჭურვილი უპილოტო საფრენი აპარატის აღმოჩენა „საფრთხის ახალ დონეზე“ მიუთითებს.
დობრინდტის თქმით, ამ ინციდენტის უკან „მოყვარულები არ დგანან“, არამედ ადამიანები, რომლებმაც „უკიდურესად პროფესიონალურად იმოქმედეს“.
მინისტრის განცხადებით, მსგავსი თავდასხმის მოსამზადებლად საჭიროა „მაღალი დონის ტექნიკური ცოდნა“ და ასაფეთქებელ ნივთიერებებთან მუშაობის გამოცდილება.
„ეს ყველაფერი დილეტანტების მოქმედებას არ ჰგავს. საქმე გვაქვს პროფესიონალურად განხორციელებულ ჰიბრიდულ თავდასხმასთან, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაც მომავალშიც მოგვიწევს“, - განაცხადა გერმანიის შს მინისტრმა.
ალექსანდერ დობრინდტმა განაცხადა, რომ შესაძლოა საქმე ეხებოდეს შემთხვევას, რომელშიც, სავარაუდოდ, უცხო სახელმწიფოებიც არიან ჩართული.
მისი თქმით, სწორედ ეს უნდა დაადგინოს ინციდენტზე მიმდინარე გამოძიებამ.
რამდენიმე ძალოვანი უწყების ხელმძღვანელებთან საგანგებო თათბირში მონაწილეობის მისაღებად დობრინდტმა შვებულება შეწყვიტა.
5 აგვისტოს ღამით, ლაიფციგის აეროპორტში უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის სიახლოვეს საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს.
შემოწმებამ აჩვენა, რომ ეს იყო მცირე ზომის კვადროკოპტერი, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერებითა და დეტონატორით იყო აღჭურვილი. ის დისტანციურად მართვადი რობოტის დახმარებით გაანეიტრალეს.
ინციდენტის გამო აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა, ხოლო რამდენიმე რეისი სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს.