უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ აშშ-ში უკრაინის ყოფილ ელჩს, ოლჰა სტეფანიშინას აღკვეთის ღონისძიების სახით 6 მილიონი გრივნის ოდენობის გირაო შეუფარდა.
გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ეკისრება ვალდებულება, გამოძახების შემთხვევაში გამოცხადდეს უკრაინის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ ბიუროში, აცნობოს საცხოვრებელი ადგილის ცვლილების შესახებ და საქმეში არსებულ მოწმეებთან კომუნიკაცია არ ჰქონდეს.
შემდეგი სასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს არის დანიშნული.
სასამართლოს დასრულების შემდეგ ყოფილმა ელჩმა განაცხადა, რომ მას არც 13 მილიონი და არც 6 მილიონი გრივნა არ აქვს, თუმცა შეეცდება ამ თანხის მოძიებას, რათა შეძლოს გირაოს გადახდა.
რაც შეეხება იმას, გაასაჩივრებს თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას, სტეფანიშინას თქმით, თავდაპირველად მას ადვოკატებთან კონსულტაცია სჭირდება.
სტეფანიშინას ედავებიან უკანონო გამდიდრებასა და ქონებრივი დეკლარაციის არასწორად შევსებას.
გამოძიების ვერსიით, ყოფილმა ელჩმა დეკლარაციაში არ ასახა კიევში მდებარე ორი ბინა, მათი რემონტის ხარჯები, ბინის ქირის გადახდა, Mercedes-Benz-ის მარკის ავტომობილით სარგებლობა, ასევე ავიაბილეთებისა და დედის მკურნალობის ხარჯები.
3 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლჰა სტეფანიშინა აშშ-ში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლა. თავად სტეფანიშინამ განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო.