საგარეო პოლიტიკური კუთხით გასული ორი თვე იყო საკმაოდ აქტიური საქართველოს მთავრობისთვის. განსაკუთრებით ვაქტიურობდით ცენტრალური აზიის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ პერიოდში განხორციელდა სამი ვიზიტი უმაღლეს დონეზე შუა აზიის სამ ქვეყანაში – ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში.
„ასევე, შედგა შუა აზიის ორი ქვეყნის პრეზიდენტის ვიზიტები საქართველოში, ეს იყო უზბეკეთის ადა თურქმენეთის პრეზიდენტების ვიზიტები. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენ გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებები ყაზახეთთან და უზბეკეთთან. რა თქმა უნდა, ამ შეთანხმებებს, ზოგადად ჩვენს თანამშრომლობას შუა აზიის ქვეყნებთან აქვს განსაკუთრებული პოლიტიკური დატვირთვა და ასევე, განსაკუთრებული ეკონომიკური დატვირთვაც. საქართველო შვიდ ქვეყანას აკავშირებს შავ ზღვასთან და შესაბამისად, დასავლეთის სივრცესთან. აქედან გამომდინარე, ჩვენს ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა დაკავშირებადობის განვითარებისთვის. მომავალშიც, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.