რუსეთის მიერ დასავლეთ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვა, - ამის შესახერბ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი X-ზე წერს.
"რუსეთის მიერ დასავლეთ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვა. ამასთან დაკავშირებით მოვიწვიე საკოორდინაციო ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობენ თავდაცვის მინისტრი და შესაბამისი სამსახურები, რომლებიც უკვე მრავალი საათია შემთხვევის ადგილზე მუშაობენ და სისტემატურად მაწვდიან ინფორმაციას მომხდარის ყველა გარემოების შესახებ", - წერს ტუსკი.
გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური ერიში მიიტანა.
კრივი რიჰის გარეუბანში დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. პოლტავის ოლქში დაიღუპა ერთი ადამიანი, კიევში - 1 ადამიანი , ლვოვში დაშავდა 30 ადამიანი, ხოლო კიევის ოლქში - 5 მცხოვრები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ინფორმაციით, 30 ივლისის ღამით რუსეთმა უკრაინაზე განახორციელა მასშტაბური კომბინირებული დარტყმა, რომლის დროსაც გამოყენებული იყო სხვადასხვა ტიპის დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატები, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ბაზირების რაკეტები.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოწინააღმდეგის მიერ გაშვებული 358 სამიზნიდან 320 გაანადგურეს.
რუსეთის დარტყმების ფონზე პოლონეთში საჰაერო საფრთხის გამო ჰაერში გამანადგურებლები აფრინდნენ.