30 ივლისს გამთენიისას პოლონეთის ლუბლინის ვოევოდობაში და ქალაქ ლუბლინში საჰაერო განგაშის სირენები ჩაირთო. მიზეზი უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური საჰაერო თავდასხმის ფონზე შექმნილი საჰაერო საფრთხე გახდა.
ამის შესახებ გამოცემა WP იუწყება.
კერძოდ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 03:50 საათზე ლუბლინში საჰაერო განგაშის სიგნალები გაისმა. შესაბამისი ვიდეოები სოციალურ ქსელებში ადგილობრივმა მოსახლეობამ გაავრცელა.
„შემიძლია დავადასტურო, რომ მართლაც არსებობდა საჰაერო თავდასხმის საფრთხე. ეს ინფორმაცია უშუალოდ მთავრობის უსაფრთხოების ცენტრიდან მივიღეთ. ინფორმაცია სანდო და დადასტურებულია,“ - განუცხადა გამოცემას ლუბლინის ვოევოდის პრესსპიკერმა, მარჩინ ბუბიჩმა.
გამოცემის ინფორმაციით, სირენები ლუბლინის ვოევოდობის დასახლებებში გაისმა, გარდა ჩრდილოეთ რაიონებისა. მათ შორის, საჰაერო განგაშის სიგნალები ისმოდა ქალაქ კრასნოსტავშიც.
მანამდე პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ განაცხადა, რომ რუსეთის შორეული ავიაციის აქტივობის გამო, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმებს ახორციელებდა, პოლონეთის საჰაერო სივრცეში სამხედრო ავიაციის ოპერაციები დაიწყო.
ოპერაციაში ჩაერთნენ გამანადგურებლები და ადრეული გაფრთხილების თვითმფრინავები, ხოლო სახმელეთო საჰაერო თავდაცვისა და რადიოლოკაციური დაზვერვის სისტემები მზადყოფნის რეჟიმში გადავიდა.
30 ივლისის ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განახორციელა.
კრივი რიჰის გარეუბანში, საცხოვრებელ სახლზე სარაკეტო იერუშის შედეგად ორი ბავშვი და ოთხი ზრდასრული დაიღუპა. კიევში კი ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.