ბოლო დღეებში მომხდარმა თავდასხმებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქვეყანაში უსაფრთხოებია მოშლილია, - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა გიორგი სიორიძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
სიორიძის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლება კრიმინალთან ბრძოლაზე მეტად პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მოქმედებს, რის გამოც ქვეყანაში დაუსჯელობის განცდა ძლიერდება.
"დღეს საქართველოში ყველაზე მწვავე პრობლემა ადამიანების უსაფრთხოებაა. ბოლო დღეებში თბილისში მომხდარმა თავდასხმებმა, არასრულწლოვნის მკვლელობამ, ბათუმში მომხდარმა შეიარაღებულმა თავდასხმამ და განსაკუთრებიუთ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მომხდარმა არაერთმა მძიმე დანაშაულმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქვეყანაში უსაფრთხოებია მოშლილია.
„ქართული ოცნება“ სულ უფრო ემსგავსება რუსული მოდელის „ქურდულ ოცნებას“ - სისტემას, სადაც კანონის ძალას თანდათან ანაცვლებს კრიმინალური გავლენები, ხოლო სახელმწიფოს სიმკაცრე მიმართულია არა დამნაშავეების, არამედ პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტების, აქტივისტებისა და განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების წინააღმდეგ.
როდესაც ხელისუფლება წლების განმავლობაში ქმნის დაუსჯელობის განცდას, როდესაც საზოგადოებაში ჩნდება კითხვები კრიმინალურ სამყაროსთან შესაძლო კავშირებსა და მის პოლიტიკურ გამოყენებაზე, როდესაც ისევ არსებობს კითხვები პენიტენციურ სისტემაში „ქურდული“ გავლენების გაძლიერების შესახებ, საბოლოოდ ზარალდება სახელმწიფო, ხალხი და ძლიერდება კრიმინალი.
ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ცალკეული ტრაგედიები - ეს არის სისტემური კრიზისის ერთიანი სურათი, სადაც ხელისუფლებამ დაკარგა დანაშაულის პრევენციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და კანონის უზენაესობის ეფექტიანი კონტროლი.
17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი მხოლოდ მკვლელის ტყვიამ არ იმსხვერპლა, ის სახელმწიფოს გულგრილობამ და სისტემურმა უმოქმედობამ იმსხვერპლა. ეს არის პოლიციის და შესაბამისი უწყებების უმოქმედობა, როდესაც ფსიქიური დაავადების მქონე პირი 3 იარაღით სახლში, თავისუფლად გადაადგილდებოდა და ეს ინფორმაცია სამართალდამცავ უწყებებს ქონდათ.
ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო, სადაც კანონი მართავს ქვეყანას და არა კრიმინალური მენტალიტეტი. “ივანიშვილის რეჟიმმა” საქართველო გადააქცია რუსული მოდელის „ქურდულ ოცნებად“, სადაც ხელისუფლება საკუთარ ძალაუფლებას კრიმინალური გავლენებით ინარჩუნებს.
უსაფრთხოება არ არის ფუფუნება. უსაფრთხოება სახელმწიფოს პირველი და უმთავრესი ვალდებულებაა. თუ ხელისუფლება ამ ვალდებულებას ვერ ასრულებს, მას პოლიტიკური პასუხისმგებლობაც სრულად ეკისრება", - განაცხადა სიორიძემ.