ევროკავშირის მიერ ყულევის ქარხნის სანქცირება არის უკიდურესად მძიმე პოლიტიკური სიგნალი და განაჩენი "ქართული ოცნების" რეჟიმისთვის, - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ნორმალური ხელისუფლების პირობებში, საქართველო არ უნდა მისულიყო ამ სავალალო ეკონომიკურ რისკამდე, რის წინაშეც ქვეყანა "ქართული ოცნების" ანტიქართულმა რეჟიმმა დააყენა.
"ევროკავშირის მიერ ყულევის ქარხნის სანქცირება არის უკიდურესად მძიმე პოლიტიკური სიგნალი და განაჩენი "ქართული ოცნების" რეჟიმისთვის.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც არა ცალკეული ევროპული სახელმწიფო, არამედ სრულიად ევროპული კავშირი აწესებს სანქციას ქართული ერთეულის მიმართ. ეს არის სამწუხარო და შავი მომენტი ჩვენს ისტორიაში და ეს არის მდგომარეობა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა არასდროს უნდა აღმოჩენილიყო. ეს არ არის ერთი კომპანიის ან ერთი ქარხნის საკითხი, ეს არის საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის, ევროპული კურსისა და ეროვნული ინტერესების საკითხი.
როდესაც საქართველოს სტრატეგიული ინფრასტრუქტურა ევროკავშირის სანქციების დღის წესრიგში ხვდება, ეს ნიშნავს, რომ საქართველო ოფიციალურად არის მიჩნეული, როგორც რუსეთის ომის ეკონომიკის შემადგენელი ნაწილი.
16 მარტს ირაკლი კობახიძემ აცხადებდა, რომ "ყულევის პორტი, ქარხანა, ტერმინალი არ გამოიყენება სანქციების გვერდის ავლისთვის". მიუხედავად იმისა, რომ მაშინ პორტი მართლაც ამოიღეს სანქციის სიიდან, ვხედავთ, რომ ამ განცხადებიდან 4 თვის თავზე დღეს უკვე სანქცირებულია ქარხანა, რომელიც "რუსული ნავთობის ვაჭრობითა და გადამუშავებით არის დაკავებული".
შესაბამისად, ევროკავშირმა დღეს უკვე ოფიციალურად თქვა, რომ ყულევის ქარხანა რუსეთის ომის ეკონომიკის ნაწილია და ღიად ამხილა კობახიძის ოფიციალური ტყუილი. ამით კიდევ ერთხელ ძალიან დიდი ზიანი მიადგა საქართველოს, როგორც სანდო და ღირებული სატრანზიტო ჰაბის რეპუტაციას, რაც კიდევ უფრო უარესად ასუსტებს ჩვენს სატრანზიტო პოტენციალს და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს.
რა საკვირველია, როდესაც კანდიდატი სახელმწიფოს სტრატეგიული ინფრასტრუქტურა დგება მსგავსი სანქციების რეჟიმის ქვეშ, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ კანდიდატობა სრულად და საბოლოოდ დაიცალა პოლიტიკური შინაარსისგან და მიზნისგან.
როგორ აღმოჩნდა საქართველო ასეთ მდგომარეობაში? როგორ მოხდა, რომ დღეს ჩვენს რეგიონში მხოლოდ ერთ დროს ყველაზე პროდასავლური სახელმწიფოა ეჭვმიტანილი რუსული ნავთობის თუ კრიპტოპლატფორმების შეფარებაში? აი, ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც დღეს ყველა ქართველმა უნდა დასვას.
ნორმალური ხელისუფლების პირობებში, საქართველო არ უნდა მისულიყო ამ სამარცხვინო პოლიტიკურ მომენტამდე და არც ამ სავალალო ეკონომიკურ რისკამდე, რის წინაშეც დააყენა საქართველო "ქართული ოცნების" ანტიქართულმა რეჟიმმა.
საქართველო უნდა იყოს ევროპისთვის სანდო პარტნიორი, ძლიერი სატრანზიტო ქვეყანა და სახელმწიფო, რომლის სტრატეგიული ინფრასტრუქტურა საერთაშორისო სანქციების კონტექსტში კი არ განიხილება, არამედ აღიქმება უსაფრთხო კარიბჭედ, რომელიც ანაკლიის მეშვეობით ერთმანეთთან აკავშირებს ევროპისა და აზიის კონტინენტებს.
სწორედ ამიტომ უნდა დავასრულოთ რეჟიმი, რომელიც მუდმივად უდრის საერთაშორისო სირცხვილს, სიღარიბეს, ქართველთა ქვეყნიდან გადინებას და უპერსპექტივობას" - განაცხადა გრიგოლ გეგელია.