დონალდ ტრამპმა თურქეთში, ნატო-ს სამიტზე ჩასვლის შემდეგ განაცხადა, რომ ალიანსით იმედგაცრუებულია და აღნიშნა, რომ სამიტს, შესაძლოა, არც დასწრებოდა, თურქეთში რომ არ გამართულიყო.
ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს, უნდა ელოდონ თუ არა აშშ-ის სამხედრო ყოფნის კიდევ უფრო შემცირებას ევროპაში და როგორ აფასებს ნატო-ს წევრი ქვეყნების პროგრესს თავდაცვითი ხარჯების გაზრდის მიმართულებით.
„ვნახოთ. ნატო-თი ძალიან იმედგაცრუებული ვარ. გულწრფელად რომ ვთქვა, ეს სამიტი თურქეთში რომ არ ტარდებოდეს, სადაც ჩემი მეგობარი ძალიან ძლიერი ლიდერია, შესაძლოა, საერთოდ არც ჩამოვსულიყავი“, - განაცხადა ტრამპმა.
მან ასევე გააკრიტიკა ნატო-ს ევროპელი მოკავშირეები იმის გამო, რომ ისინი აშშ-ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას არ შეუერთდნენ, თუმცა ამავე დროს აღნიშნა, რომ ვაშინგტონს მათი დახმარება არც სჭირდებოდა და არც უთხოვია.
„მათი გამოცდა მინდოდა. მინდოდა მენახა, იქნებოდნენ თუ არა ჩვენს გვერდით, რადგან დიდი ხანია ვამბობ, რომ ჩვენ მათ ვეხმარებით, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, ისინი თუ დაგვიდგებიან გვერდით. იტალიამ გვიღალატა, გერმანიამ გვიღალატა და საფრანგეთმაც გვიღალატა. იყოს ასე. მაგრამ რატომ ვხარჯავთ ასობით მილიარდ დოლარს, როცა ისინი ჩვენს გვერდით არ დგანან? ჩვენ კი ყოველთვის მათ გვერდით ვიყავით“, - განაცხადა ტრამპმა.