ათონის წმინდა ბერებმა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-სთან ერთად თანამსახურებით საღმრთო ლიტურგია აღავლინეს.
წირვის შემდეგ პატრიარქმა იქადაგა და განაცხადა, რომ ბერების საქართველოში ჩამოსვლა დიდი სიხარულია და ერის სულიერებას ნიშნავს.
"ჩვენთან დღეს ბრძანდებოდა ათონის წმინდა მთის მეორე მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი. რომელმაც მიიღო გაღატაკებული მონასტერი და დღეს ყვავის ეს მონასტერი. იქ იმყოფებიან ჩვენი ქართველ ბერებიც და მადლობა ღმერთს რომ ქართველმა ბერებმა არ დაკარგეს ქართული ენა", - ბრძანა პატრიარქმა.
ათონიდან ჩამოსულ სტუმრებს შორის არიან: ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი (კოცოუვატოპაიდინოსი) და ამავე მონასტრის საძმოს წევრები _ ბერი ტრიფონი (კელაპტრიშვილი), ბერი თეოდოხოსი (ლაშა მრელაშვილი), ბერი ნექტარიოსი (მახარე გელაშვილი) და ბერი ნოკოდიმოსი (ანდრეას დიმიტრიოუ); მათ თან ახლავთ ორი საერო პირი: ქრისტოს ჰაჯისპიროუ და ქრისტოს ანდრონისი.
ათონელმა ბერებმა ილია II-ს ღვთისმშობლის სასწაულმქომედი ხატის ასლი გადასცეს. ათონელი ბერები 10 დღიანი მეგობრული ვიზიტით საქართველოში 17 თებერვალს ჩამოვიდნენ და საქართველოს სიწმინდეებს მოილოცებენ.