"საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის" პრეზიდენტი ალექსანდრე ებრალიძე საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ღია წერილით მიმართავს. წერილის მიხედვით, ებრალიძე პრეზიდენტისგან საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას მოითხოვს.
"მე საქართველოში დავიბადე, თაობებით ვარ ქართველი, ჩემი წინაპრები ასეული წლების განმავლობაში იცავდნენ ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, საქართველოში ცხოვრობს დედა, ქართულ მიწაში განისვენებს ჩემი მამა. და მე მოგმართეთ თქვენ, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, რომ აღგედგინათ ჩემთვის ჩემი ისტორიული სამშობლოს მოქალაქეობა. ჩემს მიერ წარდგენილ დოკუმენტებში დეტალურად იყო დასაბუთებული ყველა იურიდიული და მორალური მოსაზრება ჩემი უფლების შესახებ, რომ ვიყო საქართველოს მოქალაქე. პასუხად უარი მივიღე. რატომ, ეს არც თქვენმა ჩინოვნიკებმა და არც მოსამართლეებმა, არ ჩათვალეს საჭიროდ განემარტათ" , - აღნიშნავს ებრალიძე წერილში.
ებრალიძე მიიჩნევს, რომ მოქალაქეობაზე უარის თქმის გადაწყვეტილება პოლიტიკური ხასიათისაა და უმაღლეს დონეზეა მიღებული, პირადად საქართველოს პრეზიდენტის მიერ.
"ბატონო პრეზიდენტო, რისი გეშინიათ ასე? თქვენს ხელშია მთელი ხელისუფლება საქართველოში, თქვენს უკან არის ჯარი, ავიაცია და ფლოტი, პოლიცია და უშიშროების სამსახურები, დაზვერვა და კონტრდაზვერვა. ჩემს უკან - მხოლოდ ჩემი საკუთარი შრომით შექმნილი ბიზნესი და საზოგადოებრივი ორგანიზაციის - საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის - წევრები. და თქვენ იყენებთ სახელმწიფო აპარატის მთელ ძალას, რათა ხელი შეუშალოთ ჩემი კონსტიტუციური უფლების - საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის - განხორციელებას" , - წერს ებრალიძე.
ებრალიძე პრეზიდენტს მიმართავს, რომ გამოიყენოს მისი კონსტიტუციური შესაძლებლობა და დაუბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა.
"ბატონო პრეზიდენტო. არცთუ ისე დიდი ხნის წინ თქვენ ევროპარლამენტის წინაშე თქვენი თავი დემოკრატიული ნორმებისა და პრინციპების მიმდევრად გამოაცხადეთ. გამოიყენეთ თქვენი კონსტიტუციური შესაძლებლობა სწორედ მათ საფუძველზე და დამიბრუნეთ საქართველოს მოქალაქეობა!", - დასძენს "საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის" პრეზიდენტი.
მასალის გამოყენების პირობები