სანამ „ოცნების“ ხელისუფლება უვიზო რეჟიმის გაუქმებას გულმოდგინედ ცდილობს, ბრიუსელში საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ახალი პროექტი იწყება. ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
საუბარია ბრიუსელში, Aegidium-ის შენობაზე, რომელიც „ხაზარაძეების ფონდმა“ შეიძინა. როგორც სამადაშვილი წერს, აღნიშნულ სასახლეში საქართველოს სახლი იქნება დაფუძნებული.
„დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის ბრძოლით, ძალიან მალე მოვა დრო, როდესაც რეჟიმისგან გათავისუფლებული საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას იზეიმებს, როგორც საქართველოს საელჩოს შენობაში, ისე ამ გასაოცარ სასახლეში, სადაც ევროპაში საქართველოს სახლი ფუძნდება.
დიდი მადლობა ბელგიელ არქიტექტორს, ანდერს ბიოლკს, რომელმაც ჯერ საელჩოსთვის მოგვაძებნინა გასაოცარი შენობა წლების წინ, ახლა ამ უნიკალური შენობის მოპოვებაშიც დაეხმარა „ხაზარაძეების ფონდს“.
მალე უნდა დასრულდეს სირცხვილი, რასაც დღევანდელი რეჟიმი წარმოადგენს... დავიბრუნოთ ეროვნული თავმოყვარეობა, რომელსაც გვართმევენ, ევროპის დედაქალაქში წარმატებული ქვეყნის სახელით შევძლოთ საუბარი, საქართველოს გრძელვადიანი მშვიდობის, განვითარების და კეთილდღეობის დასაცავად.
სამარცხვინოა ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა“, - წერს სამადაშვილი.