"დაიცავი საქართველოს" ლიდერმა დავით მაღრაძემ და საინიციატივო ჯგუფის წევრებმა საზოგადოების წარმომადგენლებს ახალი ნაციონალური პროექტი - "ახალი ქართული კონსერვატიზმი" თეატრალური საზოგადოების ოფისში წარადგინეს.
"ახალი ქართული კონსერვატიზმი" გულისხმობს არა მხოლოდ იმას, რაც მიუღებელია თანამედროვე სახელმწიფოსათვის, არამედ, როგორ უნდა გაგრძელდეს კლასიკური ევროპული ტრადიცია ნებისმიერი გამოწვევების ფონზე, რა ქვეყანა უნდა გადავცეთ ჩვენ მომავალ თაობას გასაგრძელებლად,"_Aაღნიშნა დავით მაღრაძემ.
მისი აზრით, დღევანდელი სახელისუფლებო ტენდეციის გამო ფსევდოლიბერალური მოდერნიზაციის კრახი აშკარაა.
"ეს არის ზოგადი ნაციონალური მასობრივი სკლეროზის გამოწვევის მცდელობა. ადამიანი არის მეხსიერება. მეხსიერება არ არის მარტო წარსული. მეხსიერება არის ის, რაც ხარ ადამიანი. ის ძირითადი ღირებულებები, რომელიც უნდა გაიყოლოს ჩვენმა საზოგადოებამ 21-ე საუკუნეში", _ აცხადებს მაღრაძე.
მაღრაძის თქმით, მარადიულ ღირებულებებს ქართველი ხალხი საუკუნეების მანძილზე ემსახურებოდა. სწორედ ამ ღირებულებების გაგრძელების პროექტია "ახალი ქართული კონსერვატიზმი", რაც ანტიკურ კულტურას, ქრისტიანული ზნეობრივი საფუძვლებს, კლასიკურ განათლებასა და პიროვნების თავისუფლებას ემყარება. ქართულ თანამედროვე სააზროვნო სივრცეში ეს მოსინჯვის გზაა.