ზუგდიდში, ხანძრის შედეგად დამწვარი, დევნილთა საცხოვრებელი კომპაქტური ობიექტი რეაბილიტაციას არ დაექვემდებარება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან აცნობეს, მოსკოვის ქუჩაზე მდებარე ობიექტი კერძო საკუთარებას წარმოადგენდა.
"ეს ობიექტი არის კერძო საკუთრება და რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. სამინისტრომ მყისიერად მოიძია ბინები და ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს საკუთრებაში შესთავაზა. სამწუხაროდ, დევნილები შეთავაზებაზე უარს აცხადებენ", - აცხადებენ სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში დევნილთა საერთო საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია ორი ადამიანი, რომლებმაც გამონაბოლქვი ჩაისუნთქეს. მოსახლეობამ საყოფაცხოვრებო ნივთების ნაწილის გამოტანა მეხანძრეების დახმარებით მოახერხა, თუმცა ნივთების დიდი ნაწილი განადგურდა. ხანძრის შედეგად 24 ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მათი ნაწილი ნათესავებთან გადაიყვანა. ის ოჯახები კი, რომელთაც ახლობლები არ ჰყავთ, დროებით გამგეობის თანამშრომელთა სახლებში გადანაწილდებიან. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, დაუდევრობა გახდა.