ამერიკის„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანალიზის მიხედვით, რუსეთი ზედიზედ უკვე მეორე თვეა კარგავს კონტროლს უკრაინის ტერიტორიებზე.
თუ აპრილში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ადრე დაკავებული ტერიტორიების „სუფთა დანაკარგი“ შეადგენდა 116 კვ. კმ-ს, მაისის ბოლოს ეს მაჩვენებელი გაიზარდა და 281.1 კვ. კმ-ს მიაღწია. ანალიტიკოსებმა გაითვალისწინეს მხოლოდ ის ტერიტორიები, სადაც რუსულ ძალებს სრული კონტროლი ჰქონდათ, მცირე ჯგუფების ინფილტრაციის ზონები კი არ ჩათვალეს.
ISW-ის შეფასებით, „უკრაინულმა ძალებმა ამ ეტაპზე მნიშვნელოვნად შეაჩერეს რუსეთის 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის შეტევა“.
ამავე პერიოდში, OSINT-პროექტი DeepState აღნიშნავს, რომ რუსეთი უკრაინაში პოზიციების ინტენსიური შტურმების ფონზე კარგავს კონტროლს ტერიტორიებზე.
მათი მონაცემებით, მაისში რუსეთის ძალებმა განახორციელეს 7000-ზე მეტი შეტევა, რაც 37.5%-ით მეტია წინა თვესთან შედარებით. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომაც განაცხადა, რომ მაისში ფრონტზე დაფიქსირდა 7008 საბრძოლო შეტაკება, აპრილში კი - 5085.
DeepState-ის გათვლებით, მაისში რუსეთმა მხოლოდ 14 კვ. კმ უკრაინის ტერიტორია დაიკავა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს არის „პირველი თვე ბოლო წლებში (2023 წლის ოქტომბრის შემდეგ), როდესაც ოკუპირებული ტერიტორიის ზრდა რუსებისთვის უარყოფითი გახდა“.
ISW-ის შეფასებით, 2025 წლის დეკემბრიდან 2026 წლის მაისამდე პერიოდში რუსეთის ძალებმა უკრაინაში სულ მხოლოდ 40.64 კვ. კმ ტერიტორიაზე შეძლეს წინსვლა, მაშინ როცა 2024–2025 წლების ანალოგიურ პერიოდში მათი წინსვლის მაჩვენებელი 515.84 კვ. კმ იყო.
ანალიტიკოსების თქმით, ეს ნიშნავს, რომ 2026 წელს რუსეთის ძალებმა დაიკავეს იმ ტერიტორიის მხოლოდ 7.87%-ი რომელიც მათ 2025 წელს ჰქონდათ დაკავებული.
OSINT-პროექტ DeepState-ის შეფასებით, შეტევების რაოდენობასა და დაკავებულ ტერიტორიებს შორის ასეთი სხვაობა განპირობებულია იმით, რომ რუსული სამხედრო ხელმძღვანელობა მასიურად გადავიდა ძალიან მცირე ჯგუფებით შეტევებზე - ხშირად 1–2 კაცის ან ინდივიდუალური ჯარისკაცების დონეზე. მათი თქმით, ასეთ ჯგუფებს პოზიციების გამაგრება არ შეუძლიათ, რადგან ისინი სწრაფად ნადგურდებიან უკრაინული დრონების მიერ.
ISW-ის ვარაუდით, რუსეთის ძალების ნელი წინსვლა დაკავშირებულია ფრონტზე მნიშვნელოვან ცვლილებებთან, მათ შორის: უკრაინის არმიის სახმელეთო კონტრშეტევებთან; უკრაინის საშუალო რადიუსის დარტყმების გაძლიერებასთან; 2026 წლის თებერვალში რუსული ძალებისთვის Starlink-ის ტერმინალების შეზღუდვასთან; ასევე კრემლის მიერ ფრონტზე Telegram-ის მუშაობის შეზღუდვასთან.
ანალიტიკოსების აზრით, სწორედ ეს ფაქტორები ქმნის სიტუაციას, როდესაც რუსეთის მხრიდან შეტევების რაოდენობა მაღალია, მაგრამ რეალური ტერიტორიული მიღწევები მნიშვნელოვნად შემცირებულია.