"თავისუფალი დემოკრატები" მიიჩნევენ, რომ „ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების და დამატებების კანონპროექტში რამდენიმე მუხლი შემაშფოთებელია.
როგორც ალასანიას მოძრაობა აცხადებს, შემაშფოთებელია საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობასა და კონტროლს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ახორციელებდეს.
"ეს ნიშნავს, რომ განათლების მინისტრი ამიერიდან შეითავსებს შინაგან საქმეთა მინისტრის ფუნქციას და ხელმძღვანელობას გაუწევს საზოგადოებრივი წესრიგის დამცველ ორგანოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, განათლების სამინისტროში იქმნება შინაგან საქმეთა პატარა სამინისტრო", - განაცხადა პარტიის წევრმა ნინო გოგუაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
გოგუაძის თქმით, ის ფაქტი, რომ მანდატურად შეიძლება დაინიშნოს ნასამართლეობის არმქონე საქართველოს ქმედითუნარიანი მოქალაქე 20 წლის ასაკიდან, თუ იგი ფლობს სახელმწიფო ენას და გავლილი აქვს შს მინისტრისა და განათლების მინისტრის ერთობლივი დამტკიცებული მოსამზადებული კურსები, ნიშნავს, იმას რომ განათლების სისტემაში მივლენილ პირს მოეთხოვება ყველაფერი განათლების გარდა.
"თავისუფალი დემოკრატები" საგანმანთლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ ფიზიკური ძალისა და სპეციალური გამოყენების შემთხვევებისა და წესის კანონში შესატან ცვლილებასაც ეხმაურებიან.
"საინტერესო არის ის, რომ ამ კანონში არსად ვხვდებით დაზუსტებას, თუ რას ნიშნავს სპეციალური საშუალებები. სამაგიეროდ სპეციალურ საშულებებს ზუსტად განსაზღვრავს პოლიციის შესახებ კანონის 12-ე მუხლი , სადაც წერია შემდეგი: „სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისა, საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების დაცვის მიზნით პოლიციას უფლება აქვს გამოიყენოს სპეციალური საშუალებები: ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება, არალეტალური იარაღი (მათ შორის არალეტალური ჭურვი), რეზინის ხელკეტი, ცრელმსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, დაბრკოლების დამანგრეველი და ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება, წყალსარტყოცნი, ჯავშანმანქანა, სპეციალური საღებავი, სასამსახურო ძაღლი და ცხენები, ელექტროშოკური მოწყობილობა", - აღნიშნავს გოგუაძე.
მისი განცხადებით, ანათლების სამინისტროში კანონპროექტის დამოუკიდებლად მომზადების უნარი არ გააჩნიათ, მაგრამ კიდევ უფრო საგანგაშოა, რომ თავად განათლების მინისტრი მზად არის სკოლის მოსწავლეებს შეუსიოს სასამსახურო ძაღლები და ცხენოსანთა რაზმები.
"ჩვენ, თავისუფალ დემოკრატებს დაუშვებლად მიგვაჩნია, რომ ჩვენი შვილების სკოლებში წესრიგის დამყარება ხდებოდეს წიწაკისა და ცრემლსადენი გაზის, ელექტროშოკის, ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოწყობოლობებისა და სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენებით. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ასევე ფიქრობენ შვილებზე მზრუნველი მშობლებიც", - დასძენს ნინო გოგუაძე.