საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი, ალექსანდრე ამისულაშვილი თურქეთის "კაისერისპორიდან" რუსეთის პრემიერლიგის დებიუტანტ "კრასნოდარში" გადავიდა. როგორც კლუბის ოფიციალური ვებ.გვერდი იუწყება, 28 წლის ამისულაშვილი რუსულ კლუბში 2015 წლამდე ითამაშებს.
ამისულაშვილი "ქაისერისპორში" შარშან, ზაფხულში ჩაირიცხა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ის თურქეთის სუპერლიგის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
ამისულაშვილისთვის კარიერის განმავლობაში "კრასნოდარი" მეთერთმეტე კლუბია. "კაისერისპორის" გარდა, იგი თელავის "კახეთში", ქუთაისის "ტორპედოში", სამტრედიის "იბერიაში", თბილისის "დინამოში", კიევის "დინამოში", დნეპროპეტროვსკის "დნიპროში", სიმფეროპოლის "ტავრიაში", იაროსლავლის "შინიკსა" და ნალჩიკის "სპარტაკში" გამოდიოდა.
კრასნოდარელთა მთავარი მწვრთნელი, სერბი სლავოლუბ მუსლინია, რომელიც გუნდს სათავეში მიმდინარე წლის დასაწყისში ჩაუდგა.