დღეს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სპორტის სამინისტროს, საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და კომპანია „ნატახტარის" ერთობლივი პრეს-კონფერენცია, რომლის დროსაც გაფორმდება მემორანდუმი კომპანია „ნატახტარის" და საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას შორის.
მემორანდუმის თანახმად, „ნატახტარი ქარვა", მომდევნო სამი წლის განმავლობაში, გახდება საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ და მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხებენ:
• დავით ნამგალაური - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე
• თორნიკე ნიკოლაიშვილი - კომპანია „ნატახტარის" მარკეტინგის დირექტორი
• ბესიკ ლიპარტელიანი - კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი
• ანატოლი ბოისა - ეროვნული ნაკრების წევრი
• კოტე ტუღუში - ეროვნული ნაკრების წევრი
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია დაარსდა 1991 წლის 4 ივნისს. იგი ფიბას წევრია 1992 წლიდან, ხოლო ფიბა-ევროპის წევრი - 2002 წლიდან. საქართველოს კალათბურთის ფედერაცია, რომლის პრეზიდენტი წარსულში ცნობილი კალათბურთელი, ბესიკ ლიპარტელიანია, ემსახურება კალათბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციას ჩვენს ქვეყანაში. დღესდღეობით, ქვეყანაში ტარდება ეროვნული ჩემპიონატი ვაჟებს შორის (სუპერლიგა), სხვადასხვა ასაკობრივ ლიგებში (უ-14, უ-16, უ-18, უ-20), და ქალთა ლიგაში. ასევე იმართება სხვადასხვა ღონისძიებები. საქართველოს კალათბურთის ფედერაციას გამოჰყავს ნაკრები სხვადასხვა ასაკში (16-წლამდელთა ნაკრები, 18-წლამდელთა ნაკრები, 20-წლამდელთა ნაკრები და ვაჟ-კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები). აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში წელს პირველად იასპარეზებს ლიტვაში ევროპის ჩემპიონატზე.
კომპანია „ნატახტარი", როგორც საზოგადოებრივად აქტიური ბიზნეს ორგანიზაცია, გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და აცნობიერებს მის მნიშვნელობას ქვეყნისა და რეგიონის განვითარებაში. კომპანია უკვე არის რამოდენიმე სპორტის სახეობის სპონსორი და მუშაობს ქომაგთა კლუბების მ მიმართულებითაც. ამგვარი ხერხებით იგი ცდილობს დაეხმაროს ქართულ სპორტს და ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას.