დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროცესი გრძელდება. დღეს დევნილებს კიდევ ერთი საცხოვრებელი ფართი გადაეცათ საკუთრებაში. დევნილებს ფართის დაკანონება მინისტრმა კობა სუბელიანმა მიულოცა და საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა დოლიძესთან ერთად პირადად გადასცა.
ნუცუბიძის 3-ე მ/რ-ში, ყოფილი სასტუმროში - „აკადემიური" აფხაზეთიდან დევნილი 140 ოჯახი (379 ადამიანი) ცხოვრობს. ფართის დაკანონებამდე შეიცვალა შენობის სახურავი, გაკეთდა ელექტროენერგიის ინდივიდუალური გამრიცხველიანება და გაზიფიცირება.
დევნილებმა აღნიშნეს, რომ ბუნებრივი აირით სარგებლობა მათთვის დიდი შეღავათია. ლეილა სულავა, აფხაზეთიდან დევნილი: „დიდი მოლოდინით ვიყავით, ეს შენობა ჩვენს საკუთრებაში როდის გადმოვიდოდა. მინისტრი არაერთხელ გვესტუმრა და დაგვპირდა, რომ გამრიცხველიანებისა და გაზიფიცირების შემდეგ ფართი ჩვენი საკუთრება გახდებოდა. ძალიან გახარებულები ვართ, საკუთრების მოწმობა თავად კობა სუბელიანმა გადმოგვცა. დღეიდან ეს ბინები ჩვენია და საკუთარი ჭერი გვაქვს. ძალიან გაგვახარეს."
კობა სუბელიანმა კი აღნიშნა, რომ დევნილებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება გრძელდება და უახლოეს პერიოდში მინიმალური საცხოვრებელი პირობები ყველა კომპაქტურ ჩასახლებაში იქნება: „ამ შენობაში მცხოვრებ 140 ოჯახს, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადავეცით. მანამდე კი ობიექტის გაზიფიცირება გაკეთდა. დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება გრძლდება. თბილისში დაახლოებით 12 000-მდე ოჯახი აფხაზეთში დაბრუნებამდე საკუთარ ფართებში მშვიდად იცხოვრებს. პროცესი გრძელდება. უახლოეს პერიოდში მინიმალურო პირობები - ბინებრივი აირი, ელექტროენერგიის ინდივიდუალური გამრიცხველიანება, მოწესრიგებული წყალსაკანალიზაცის სისტემები ყველა კომპაქტურ ჩასახლებას ექნება."
ამ ეტაპისთვის, საქართველოს მასშტაბით საცხოვრებელი ფართი 22 000-მდე დევნილ ოჯახს (70 000-მდე ადამიანი) დაუკანონდა. თბილისში დაკანონებულია 278 საცხოვრებელი ობიექტი, რეგიონებში კი 343.