სტუდენტები 42 უმაღლესი სასწავლებლიდან „სათხილამურო რომპეტროლიადაში" მონაწილეობის მისაღებად დღეს გუდაურში გაემგზავრებიან. საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინფორმაციით, საბოლოო რეგისტრაცია 12.00 საათზე დასრულდება, რის შემდეგაც 60-მდე სტუდენტი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიიდან გუდაურისკენ გაემგზავრება.
საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის და კომპანია „რომპეტროლ საქართველოს" მხარდაჭერით, შეჯიბრისთვის ე.წ. „კუდებზე" მომზადდა სათხილამურო ტრასა და შეიქმნა პირობები, რომ სტუდენტებმა მაქსიმალურად გამოავლინონ თავისი შესაძლებლობები.
ახალგაზრდები გუდაურში ერთდღიან მომზადებას გაივლიან, ხოლო 19 თებერვალს „სათხილამურო რომპეტროლიადა" ვაჟთა და გოგონათა შორის გიგანტურ სლალომში გაიმართება. შეჯიბრის დროს სტუდენტებს სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფი" დააზღვევს. შეჯიბრი 13:00 საათზე დაიწყება და მას საზეიმო ვითარებაში საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისრტოს და რომპეტროლის ხელმძღვანელი პირები გახსნიან.
ტურნირის დროს გაიმართება „რომპეტროლ საქართველოს" მიერ საგანგებოდ სპორტული ღონისძიებებისას განწყობის ამაღლებისათვის შექმნილი „ახალგაზრდული ჰიმნის" პრეზენტაცია. ახალი სიმღერით ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად წარსდგება ახლადშექმნილი ჯგუფი „ფიქსი". ენერგიულ დღეს კი „გუდაური მიუზიქ ჰოლში" ხალისიანი საღამო და გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია დაასრულებს.
კომპანია რომპეტროლისთვის ახალგაზრდული სპორტის განვითარება სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის ფარგლებში ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. კომპანია ყოველთვის ცდილობს წაახალისოს სტუდენტები ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრებისკენ და შეუქმნას მათ შესაბამისი მოტივაცია. „როგორც მოსალოდნელი იყო, სპორტის ზამთრის სახეობებმა სტუდენტებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. რაც მთავარია, ამ ტურნირის გამარჯვებულებს საშუალება მიეცემათ საკუთარი შესაძლებლობები უფრო ფართო ასპარეზზეც გამოსცადონ. ამასთანვე ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ტურნირი სტუდენტებისთვის ზეიმად იქცეს და გუდაურიდან დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ "- აცხადებს „რომპეტროლ საქართველოს" გენერალირი დირექტორი ალექსანდრე ალბინი.
საუნივერსიტეტო სპორტის მხარდამჭერი, ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი „რომპეტროლ საქართველოსა" და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციას შორის 9 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად, რომპეტროლი 2010-2011 წლების განმავლობაში დაგეგმილი ყველა საუნივერსიტეტო სპორტული აქტივობის მხარდამჭერი იქნება და ამ ხნის განმავლობაში ყველა შეჯიბრი „საუნივერსიტეტო რომპეტროლიადის" სახელს ატარებს.