აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის მიერ ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარდგენილი წინადადებები უარყო და ირანის პასუხს „აბსოლუტურად მიუღებელი“ უწოდა.
ამის შესახევ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ში და წერს.
მანამდე, Axios-ის ინფორმაციით, ტრამპმა კვირას სატელეფონო კომენტარში განაცხადა, რომ უარს ამბობს ირანის პასუხზე, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ბოლო პროექტს ეხებოდა.
გამოცემა წერს, რომ აშშ ირანის პასუხს 10 დღის განმავლობაში ელოდებოდა და ის კვირას მიიღეს. თეთრ სახლში იმედოვნებდნენ, რომ ირანის პოზიცია შეთანხმების მიღწევის მიმართულებით პროგრესს აჩვენებდა, თუმცა ტრამპის პირველი რეაქცია საპირისპიროზე მიუთითებს.
„მათი წერილი არ მომწონს. შეუსაბამოა. მათი პასუხი არ მომწონს,“ - განუცხადა ტრამპმა Axios-ს, თუმცა პასუხის შინაარსის დეტალებზე საუბარი არ ისურვა.
„ისინი უკვე 47 წელია ბევრ ქვეყანას ესხმიან თავს,“ - განაცხადა მან.
Axios-ის კომენტარის შემდეგ ტრამპმა საკუთარი პოზიცია სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა.
„ახლახან წავიკითხე ირანის ე.წ. „წარმომადგენლების“ პასუხი. ის არ მომწონს, ეს აბსოლუტურად მიუღებელია,“ - წერს ტრამპი.
ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, თეირანის პასუხი ძირითადად ომის დასრულებასა და გარანტიების უზრუნველყოფაზეა ფოკუსირებული, პირველ რიგში კი იმაზე, რომ კონფლიქტი აღარ განახლდეს.
აღინიშნულია, რომ ირანის ტექსტი „ხაზს უსვამს აშშ-ის სანქციების გაუქმების აუცილებლობას, ყველა ფრონტზე ომის დასრულებას“ და ჰორმუზის სრუტეზე ირანის კონტროლის უზრუნველყოფას.
გავრცელებული ინფორმაციით, ირანი შეთანხმების გაფორმების შემდეგ აშშ-ის მხრიდან საზღვაო ბლოკადის დაუყოვნებლივ შეწყვეტასაც მოითხოვს.
პასუხში შენარჩუნებული იყო ურთიერთგაგების საწყისი მემორანდუმის შეთავაზებული ფორმატი, რის შემდეგაც 30-დღიანი მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო. ამ პერიოდის განმავლობაში ირანი ირანული ნავთობის გაყიდვაზე დაწესებული ამერიკული სანქციების გაუქმებას ითხოვდა.
ირანი ასევე მოითხოვდა გაყინული აქტივების დაუყოვნებლივ განბლოკვას შეთანხმებების ხელმოწერისთანავე.
Axios აღნიშნავს, რომ ეს პირობები, თუ ისინი დადასტურდება, მნიშვნელოვნად სცდება იმას, რისი მიღწევის იმედიც ამერიკელ მომლაპარაკებლებს ჰქონდათ. ირანის სახელმწიფო მედიას ასევე არ დაუკონკრეტებია, ბირთვულ სფეროში რა დათმობებზეა მზად თეირანი.
„…ირანში არავინ წერს წინადადებებს იმისთვის, რომ ტრამპს ასიამოვნოს. მოლაპარაკებების ჯგუფმა წინადადებები მხოლოდ ირანელი ხალხის უფლებების გათვალისწინებით უნდა მოამზადოს…“ - განაცხადა, ირანული მედიის წყარომ.
Axios-ის ცნობით, ტრამპს მკაფიო პასუხი არ გაუცია იმაზე, აპირებს თუ არა მოლაპარაკებების გაგრძელებას, თუ შესაძლოა უპირატესობა შემდგომ სამხედრო მოქმედებებს მიანიჭოს.