საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოპონენტები მასთან ბრძოლას არჩევნებზე აპირებენ და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოგვარებას კონფედერაციის გზით ვარაუდობენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი ალექსანდრე ებრალიძე მზადაა საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს ახლანდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაამარცხოს.
"თუკი მიხეილ სააკაშვილი არის დემოკრატიული ბრძოლის მომხრე, მე ჩემს მომხრეებთან ერთად მას გამანადგურებელ დარტყმას მივაყენებ უახლოეს არჩევნებზე", _ განაცხადა ებრალიძემ რუსული სააგენტო "ინტერფაქსის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა მას უკვე უქმნის წინააღმდეგობებს იმით, რომ მას საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარის თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების საშუალებას არ აძლევს.
"საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებას ჩვენი ეშინია, სხვა საფუძველს იმისა, რომ მე საქართველოს მოქალაქეობა არ მომცენ ვერ ვხედავ", _ განაცხადა ებრალიძემ.
მისივე თქმით, ორგანიზაციაში უკვე გაჩნდა სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც "თავის დემოკრატიულ კონტროლზე აიყვანს ყველა არჩევნებს, რომლებიც საქართველოში ჩატარდება".
"ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ყველა არჩევნები ფალსიფიცირდება და ამიტომაც მათზე მკაცრი საზოგადოებრივი კონტროლის დამყარებაა საჭირო", _ აცხადებს ალექსანდრე ებრალიძე.
კონგრესის ლიდერი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მის კონგრესს აქვს ეკონომიკური პროგრამა საქართველოს განვითარებისა 2015 წლამდე.
"იგი გულისხმობს, ძირეულად შეიცვალოს ის სავალალო სიტუაცია, რომელშიც ამჟამად სახელმწიფო და ხალხი იმყოფება. აუცილებელია, რომ ადამიანს ჰქოდეს სამსახური და ჭერი თავზე, ჰქონდეს საშუალება განათლება მისცეს თავის შვილებს, ჰქონდეს საბაზისო სამედიცინო მომსახურების საშუალება და მომავლის იმედი", _ აცხადებს ებრალიძე და განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ მისი პროგრამის ნაწილს შეადგენს საქართველოს ურთიერთობების აღდგენა აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან.
"გაერთიანების მოდელს კონფედერაციის ფარგლებში ვხედავთ. ჩვენ შეგვიძლია გავხსნათ საზღვრები საქართველოსა და რუსეთს შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით სამი თვის განმავლობაში იქნება თავისუფალი მოძრაობა საქონლისა, ფულისა და ადამიანებისა. მთელს სამოქალაქო პროცესს ჩვენ გადავიტანთ სამკუთხედში თბილისი-მოსკოვი-სოხუმი, თბილისი-მოსკოვი-ცხინვალი", _ აცხადებს ებრალიძე.
"ევროპული თანამეგობრობისა და აშშ-სთან თანამეგობრობის გამოცდილება მეტყველებს იმაზე, რომ მათ არ ძალუძთ მსგავსი პრობლემების გადაჭრა თუნდაც კვიპროსსა და თურქეთს შორის - ნატოს წევრებს შორის. ეს სულაც არ ნიშნავს ევროპული ქვეყნებისა და აშშ-ს იგნორირებას, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენ გადავწყვიტავთ - გადავაქცევთ რა რუსეთს ჩვენს მთავარ მოკავშირედ", _ აცხადებს იგი.
"ვისწრაფვი საქართველოსკენ, მინდა იქ ყოფნა და საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა. ჩვენ გავიმარჯვებთ ქართული კონსტიტუციის ფარგლებში მომაალ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში", _ აცხადებს ებრალიძე. და აღნიშნავს, რომ მთელმა იმ "ანტირუსული რიტორიკა, რომელიც უკვე აი რამდენი წლის განმავლობაში საქართველოში არსებობს, ვერ შეცვალა მოქალაქეების არსი რუსეთის სიყვარულში".
თავის მხრივ, საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ხომერიკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "საქართველოს ეკონომიკა სრულიად სპონტანურად ვითარდება და უკიდურესად ცუდ მდგომარეობაში იმყოფება".
"ქვეყანა ღრმა ორმოშია, ჩვენი პროგრამა ერთადერთია ჯერჯერობით და არც ერთს ოპოზიციურ ძალთაგან და არც თავად ხელისუფლებას შესაბამისი დოკუმენტები არ გააჩნიათ", _ განაცხადა ხომერიკმა.