საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის კრედიტების დაგროვების სისტემა შემოდის.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში.
როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, მას შემდეგ, რაც პედაგოგი სასერთიფიკაციო გამოცდას ჩააბარებს და მასწავლებლის სერთიფიკატს მიიღებს, გადავა მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაზე.
"აღნიშნული სქემა გულისხმობს პედაგოგის მხრიდან საკუთარ თავზე მუშაობას ყოველდღიურ რეჟიმში. მან უნდა დაგეგმოს მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში რას აკეთებ, როგორი სტრატეგიით მოქმედებს. ამიტომ პირველი სასერთიფიკაციო გამოცდის შემდეგ მოერე გამოცდა უცილებელი აღარ იქნება. მის მაგივრად კი შემოდის ალტერნატიული ფორმა - კრედიტების დაგროვების სისტემა", - განმარტა ხუროშვილმა.
მისივე თქმით, მასწავლებლებისთვის კატეგორიების მინიჭებაც სწორედ კრედიტების დაგროვების სისტემაზე იქნება დამოკიდებული და სულ სამი კატეგორიის პედაგოგი იქნება - უმაღლესი, პირველი და მეორე კატეგორიის.
"ამ ტიპის პროფესიული განვითარების სქემა ხელს შეუწყობს ზოგად საგანმანათლებლო სკოლებში სწავლის პროცესის გაუმჯობესებას, მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას, მათი კომპეტენციის ამაღლებასა და კარიერულ ზრდას", - აღნიშნა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
მისივე თქმით, პედაგოგების ხელფასებიც აღნიშნული კატეგორიების მიხედვით განისაზღვრება.