აშშ-ის პრეზიდენტი პენტაგონის მაღალი რანგის პირებისგან ირანთან დაკავშირებით განახლებული სამხედრო ვარიანტების შესახებ ცნობებს ელოდება. ამის შესახებ CNN წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროს ცნობით, ტრამპი რეგულარულად იღებს ინფორმაციას სამხედრო გეგმებზე. ამასთან, ტრამპი ყველა ვარიანტს ღიად ტოვებს, მაშინ როცა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები ნელი ტემპით მიმდინარეობს.
მედიის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური ადმირალი ბრედ კუპერი, გაერთიანებული შტაბების უფროსების კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი დენ კეინი და სხვა მაღალი რანგის სამხედრო პირები.
ტრამპის ამჟამინდელი სტრატეგია ითვალისწინებს ირანზე მაქსიმალური ეკონომიკური ზეწოლის განხორციელებას, რათა ქვეყანა დათმობაზე წავიდეს ბირთვული პროგრამის შეზღუდვასთან დაკავშირებით.
წყაროების ცნობით, ტრამპმა მრჩევლებს უთხრა, რომ სურს ირანის პორტების საზღვაო ბლოკადის გაგრძელება. მისი გუნდი უკვე მუშაობს ამ ზომის გახანგრძლივებაზე, მათ შორის ჰორმუზის სრუტის უფრო ხანგრძლივი დროით ჩაკეტვის შესაძლებლობაზე.
„ბლოკადა გენიალურია... ახლა მათ უბრალოდ დანებება დარჩათ,“ - განაცხადა ტრამპმა.
მიუხედავად იმისა, რომ პენტაგონი აგრძელებს მზადებას საჰაერო დარტყმების შესაძლო განახლებისთვის, წყაროების თქმით, ტრამპი უპირატესობას მაინც შეთანხმებას ანიჭებს და დამატებითი სამხედრო ესკალაციის თავიდან არიდებას ცდილობს.