17-25 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი სამუშაო ვიზიტით ევროპის რამდენიმე უმაღლეს სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებას ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში თსუ-სა და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მედიცინის ფაკულტეტის მიმართულებით თანამშრომლობის კონკრეტული დეტალები შეთანხმდება. გერმანული მხარე თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტს სამედიცინო სიახლეებისა და ამ სფეროში თანამედროვე სტანდარტების დანერგვაში დაეხმარება. იენის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტთან კი, ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ამოქმედებაზე იმსჯელებენ. თსუ-ის ეკონომიკის მიმართულების სტუდენტების გერმანიაში სწავლის ხარჯებს იენის უნივერსიტეტი იღებს საკუთარ თავზე.
თსუ-ის რექტორის თეორიული ფიზიკის ტრიესტრის საერთაშორისო ცენტრში ვიზიტისას განიხილება უნივერსიტეტის შესაბამისი მიმართულებების ურთიერთთანამშრომლობის საკითხები. ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრში (CERN) ალექსანდრე კვიტაშვილი შეხვდება თსუ-ის იმ კურსდამთავრებულებს, რომლებიც დიდი ადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტზე მუშაობენ.