უკრაინა და ნორვეგია უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების პირველ ერთობლივ წარმოებას იწყებენ . ნორვეგიის ტერიტორიაზე იგეგმება რამდენიმე ათასი საშუალო დისტანციის დამრტყმელი დრონის დამზადება უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის.
ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პროექტის ფარგლებში წარმოებული ყველა პროდუქცია გადაეცემა უკრაინის თავდაცვის ძალებს… შესაბამის შეთანხმებას კიევში ხელი მოაწერეს ნორვეგიის ელჩმა უკრაინაში ლარს რაგნარ აალერუდ ჰანსენმა და უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ევროპული ინტეგრაციის საკითხებში სერგეი ბოევმა,“ - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ შეთანხმება საშუალებას იძლევა მასშტაბურად გაიზარდოს უკრაინული ტექნოლოგიების წარმოება, რომლებმაც უკვე დაამტკიცეს ეფექტიანობა საბრძოლო მოქმედებებში და გააძლიეროს ორივე ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობები.
პროექტს ნორვეგია დააფინანსებს .
მიმდინარე წელს ნორვეგია საერთო ჯამში გეგმავს 1.5 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფას უკრაინაში წარმოებული შეიარაღების შესაძენად უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის.