საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ 2027 წელს, უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, პოლიტიკაში აღარ დარჩება.
ამის შესახებ Le Figaro იუწყება.
მაკრონმა ხუთშაბათს დაადასტურა, რომ ელისეს სასახლის დატოვების შემდეგ, ათწლიანი პრეზიდენტობის დასრულებისთანავე, პოლიტიკურ საქმიანობას აღარ გააგრძელებს.
„მე ადრე არ ვყოფილვარ პოლიტიკაში და არც შემდეგ ვიქნები,“ — განაცხადა მან ნიქოზიაში, ფრანგულ-კვიპროსულ სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრისას, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ევროკავშირის ლიდერების არაფორმალურ სამიტში მონაწილეობის ფარგლებში.
მისივე თქმით, პრეზიდენტობის ბოლო ეტაპზე ყველაზე რთულია უკვე მიღწეული შედეგების დაცვა და ამავე დროს ენერგიის შენარჩუნება იმისთვის, რომ ის, რაც ბოლომდე ვერ შესრულდა, გამოსწორდეს.
„ცხრა წლის შემდეგ ყველაზე რთულია შეინარჩუნო ის, რაც კარგად გააკეთე, და სცადო წინსვლა, თუმცა ზოგჯერ გიწევს იმ შეცდომების გამოსწორებაც, რაც დაუშვი,“ — აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წლის აპრილში გაიმართება.