მარტა კოსი იქნება, იუკნევიჩიენე, კუბილიუსი თუ ნებისმიერი სხვა, ჩვენი მონდომება და სურვილი არის თანამშრომლობა, დიალოგი, რაზეც ისინი არ მოდიან - ყოველ დღე თუ ვიმეორებთ, რომ მარტა კოსი აკეთებს ცუდ განცხადებას, ყოველ დღე ვიმეორებთ იმასაც, რომ მზად ვართ, ამ თემასთან დაკავშირებით გვქონდეს საქმიანი საუბარი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რომელიც მაკა ბოჭორიშვილისა და მარტა კოსის შეხვედრის ამსახველ ფოტოებს შეეხებოდა.
კითხვაზე, არის თუ არა ეს დამოკიდებულება მმართველი გუნდის მხრიდან ორმაგი სტანდარტი, ვოლსკიმ უპასუხა, რომ “არა და ეს სწორედ ის ერთმაგი სტანდარტია, რომელიც მათ არასდროს შეუცვლიათ.”
"მე გელაპარაკებით მაღალ პოლიტიკურ ინტერესზე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, იგივე ევროკავშირის ინტეგრაციის თვალსაზრისით. ევროკომისარიატს თუკი დაველაპარაკებით, ამაზე კარგი რა უნდა იყოს? მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით არის დაპირისპირების ის ხარისხი, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია. თუმცა ევროპულ გზაზე და მით უმეტეს თუკი ამ ევროპულ სტრუქტურებს კონკრეტული ადამიანები ხელმძღვანელობენ, მათთან შეხვედრა ჩვენთვის კარგია, მისასალმებელიც არის. მაგრამ სამწუხაროდ შედეგები ჯერჯერობით აბსოლუტურად შეუფერებელია იმ პოზიციასთან, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და რომელიც ევროკავშირსაც უნდა გააჩნდეს იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რაც დღეს ხდება.
მარტა კოსი იქნება, იუკნევიჩიენე, კუბილიუსი თუ ნებისმიერი სხვა, ჩვენი მონდომება და სურვილი არის თანამშრომლობა, დიალოგი, რაზეც ისინი არ მოდიან", - განაცხადა ვოლსკიმ.
დამაზუსტებელ კითხვაზე, რა საკითხებზე შედგა მაკა ბოჭორიშვილისა და მარტა კოსის საუბარი, ვოლსკიმ უპასუხა, რომ ეს ინფორმაცია მისთვის ჯერჯერობით უცნობია.
„ჯერჯერობით არ ვიცი, მაგრამ ალბათ დარწმუნებული ვარ ტექსტი ზუსტად იგივეა, რასაც ჩვენ ერთმანეთში ყოველ დღე ვსაუბრობთ. საქართველო არ იმსახურებს ისეთ დამოკიდებულებას, რომელსაც ჩვენ მარტა კოსისგან და სხვა ევროკომისრებისგან ვხედავთ. საქართველო არ იმსახურებს უსამართლობას, რომელიც ხშირ შემთხვევაში კონკრეტული მიზნის მისაღწევად არის მობილიზებული და სინამდვილესთან კავშირი არ აქვს. მაგრამ დიპლომატიური ენა არსებობს და ამ დიპლომატიური ენის გამოყენებით ისაუბრებდა და მაკას ეს არ შეეშლება”, - აღნიშნა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ფოტოები, სადაც ასახულია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისა და ევროკომისრის გაფართოების საკითხებში, მარტა კოსის შეხვედრა დელფოსის ეკონომიკურ ფორუმზე.