გასულ ღამეს რუსები ოდესას თავს დაესხნენ, დარტყმები საცხოვრებელ სახლებზე განხორვიელდა, რის შედეგადაც დაიღუპა ორი ადამიანი, კიდევ 14 დაშავდა.
ამის შესახებ ოდესის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰიი ლისაკმა განაცხადა.
ცნობილია, რომ დაახლოებით შუაღამისას უკრაინის საჰაერო ძალები და ადგილობრივი მედია ავრცელებდნენ ინფორმაციას შავი ზღვის აკვატორიიდან ოდესის მიმართულებით რუსული დამრტყმელი უპილოტო აპარატების გადაადგილების შესახებ.
მოგვიანებით ლისაკმა დააზუსტა, რომ დაბომბვის შედეგად დაზიანდა ორი ორსართულიანი და ერთი სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი, ასევე დაფიქსირდა დარტყმები არასაცხოვრებელ შენობაზე.
დილით უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ უპილოტო საფრენი აპარატის მოხვედრის შედეგად სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ბინები დაზიანდა და გაჩნდა ხანძარი — დაშავდა ექვსი ადამიანი.
ასევე დაზიანდა კიდევ ორი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ერთ-ერთ მათგანში მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს და 20 მცხოვრების ევაკუაცია განახორციელეს. დაშავდა შვიდი ადამიანი.
სხვა სახლში ორი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ერთი კი დაშავდა. შენობიდან ევაკუირებულია 16 მცხოვრები.
„რუსეთის თავდასხმის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი და დაშავდა 14. შედეგების ლიკვიდაცია გრძელდება, ინფორმაცია ზუსტდება,“ - განაცახდეს უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში.