"სისხლის სამართლის დამნაშავე შეიძლება გახდე, ღობის შესაკეთებლად ჭიგო რომ დაგჭირდეს", _ ამის შესახებ პარლამენტში "ქრისტიან-დემოკრატების" მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ასოციაცია "მწვანე ალტერნატივის" წარმომადგენელმა ირაკლი მაჭარაშვილმა განაცხადა.
"ერთ რეინჯერს საშუალოდ 5000 ჰექტარი ტყე აბარია, მაშინ, როცა არც ტრანსპორტი აქვს, არც ცხენი ჰყავს, არც რუკა და ხშირად არც შესაბამის ცოდნა აქვს მონიტორინგის განსახორციელებლად. ამ დროს, მას ევალება ტყის უკანონო ჭრის აღკვეთა, ხანძრების პრევენცია, აღდგენა-გაშენების ღონისძიებები და ამ ტერიტორიაზე არსებული მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფის პროცედურების დაცვა. ერთმა კომლმა ლეგალურად შეშა რომ მიიღოს, ამისთვის რეინჯერი სამჯერ მაინც უნდა წავიდეს ტყეში. მაგალითად, ამბროლაურში 7 000 კომლი ცხოვრებს და სულ 20 რეინჯერია, ამის გათვალისწინებით კი ერთ რეინჯერს ტყეში წასვალ 1000-ჯერ უწევს, რომ მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფა ლეგალურად მოხდეს. ეს კი წარმოუდგენელია", - განმარტა გარემოს დამცველმა.
მისი თქმით, აღნიშნულის გამო, მოსახლეობის დიდ ნაწილს შეშის ლეგალურად მოპოვების საშუალება არ ეძლევა და იძულებულია მოიპაროს, ასეთ დროს კი აუცილებელია რეინჯერმა ფაქტზე "თვალი დახუჭოს", რაც ფულით უნდა ანაზღაურდეს.
"გარემოზე მიყენებული ზიანისთვის, 1000 ლარზე, სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება. 1000 ლარის ზიანი კი დაახლოებით ორი მოჭრილი ხეა, რომელიც მხრით შეგიძლია ჩამოიტანო. ამასთან, როდესაც რეინჯერს 5000 ჰექტარი ტყე აქვს ჩაბარებული, ადვილია ერთი ხე მოჭრა და მერე ინსპექცია თავზე დააყენო. ამ დროს მას სამსახურებრივი გულგრილობისთვის 2-4 წლამდე მისცემენ. ამიტომ, როდესაც იცის, რომ შეიძლება 1000-ლარიანი ზარალი ყოველდღე აღმოუჩინო, ფულის კეთებას იწყებს და ეს არის სისტემური კორუფცია", - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, ელემენტარულად სარის მოჭრა რომ უნდოდეს ადამიანს, ამის ლეგალური მექანიზმი არ არსებობს და ეს მხოლოდ არასწორი მენეჯმენტის ბრალი არ არის.
"ამას სჭირდება პოლიტიკური ნება. როდესაც მოინდომეს კორუფციის აღმოფხვრა საბაჟოზე და პატრულში, შეძლეს. ამიტომ ეს მხოლოდ მენეჯმენტის პრობლემა არ არის", _ განაცხადა მაჭარაშვილმა.