რასაკვირველია, კონკურენტად აღვიქვამთ ყველა პარტიას, ჩვენ გარდა, მაგრამ კონკურენტების დამარცხება გვინდა თანასწორ ველზე, სამართლიან ბრძოლაში და არა ბიძინა ივანიშვილის აკრძალვების შედეგად, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა ფეისბუქლაივის დროს განაცხადა.
ჩერგოლეიშვილი ეხმიანება შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით რამდენიმე პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს პარტია „ფედერალისტებიც“ დაემატება. მისი თქმით, ამით არაფერი იცვლება და რეჟიმმა მხოლოდ თავისი სისუსტე გამოავლინა.
„რეჟიმს გადაუწყვეტია, „ფედერალისტებიც“ აგვკრძალოს. ამით ჩვენთვის არაფერი იცვლება. ვიდრე ერთ პარტიას კრძალავენ, მიუხედავად იმისა, რა დამოკიდებულება გვაქვს ამ პარტიასთან, მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური პროცესი კვდება და არანაირ ფორმალურ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ, არ გავხდებით რეჟიმის დეკორაცია. რასაკვირველია, კონკურენტად აღვიქვამთ ყველა პარტიას, ჩვენ გარდა, მაგრამ კონკურენტების დამარცხება გვინდა თანასწორ ველზე, სამართლიან ბრძოლაში და არა ბიძინა ივანიშვილის აკრძალვების შედეგად. შესაბამისად, ამით ჩვენთვის აბსოლუტურად არაფერი იცვლება, თუმცა ვხვდები, რეჟიმს რაში დასჭირდა ეს ყველაფერი. ცხრათვიანი ვადა გასდის, იმის თავი არ აქვს, მიადგეს და ის სამი პარტია აკრძალოს. ამიტომ, ახალი ვადა სჭირდება. შესაბამისად, გამოითხოვეს ის ცხრათვიანი და ახალი სარჩელი შეიტანეს, რომ ახალი ვადის ათვლა დაიწყოს. რეჟიმის სისუსტის დემონსტრაციაა ეს და არაფერი სხვის. ამიტომ, მივმართავ მხარდამჭერებს, რომ ამით ჩვენთვის აბსოლუტურად არაფერი იცვლება. ჩვენ რეჟიმს აქციით, სანქციით და ალტერნატივით ვაიძულებთ დათმობებზე წამოსვლას. ბუნებრივია, ამის შედეგად რეჟიმი შეიცვლება, სათავეში მოვა დემოკრატიული ხელისუფლება, რომლის ნაწილიც აუცილებლად ვიქნებით „ფედერალისტები“. ქვეყანაში დავამყარებთ სამართლიანობას, მოქალაქეებს მოვუტანთ უსაფრთხოებას, აღვადგენთ სამოქალაქო თავისუფლებებს, ანუ გავაუქმებთ ყველა რუსულ კანონს“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.