ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება "ჰეზბოლას" ლიდერმა ნაიმ კასემმა განაცხადა, რომ მზად არის სრულად ითანამშრომლოს ლიბანის მთავრობასთან ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე, თუმცა რამდენიმე პირობა წამოაყენა, რომელთა შესრულებაც რთული იქნება.
ამის შესახებ The New York Times იუწყება.
კასემი მიესალმა 10-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, თუმცა განაცხადა, რომ „ჰეზბოლა“ თავის მებრძოლებს სრულ საბრძოლო მზადყოფნაში შეინარჩუნებს. დაჯგუფების განცხადებით, მისი მებრძოლები „დარჩებიან ბრძოლის ველზე ჩახმახზე თითებით“, რათა უპასუხონ ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ დარღვევას.მან ისრაელთან ზავის გასაგრძელებლად ხუთი პირობა წამოაყენა - აგრესიის სამუდამოდ შეჩერება მთელ ლიბანში – ჰაერში, ხმელეთსა და ზღვაზე; ისრაელის გასვლა ოკუპირებული ტერიტორიებიდან; პატიმრების გათავისუფლება; ლტოლვილების დაბრუნება თავიანთ სოფლებსა და ქალაქებში ისრაელის საზღვრამდე; ქვეყნის აღდგენა არაბული და საერთაშორისო მხარდაჭერითა და ეროვნული პასუხისმგებლობით.
„ცეცხლის შეწყვეტა ვერ იქნება ცალმხრივი — მას ორივე მხარე უნდა იცავდეს. ჩვენ არ დავთანხმდებით იმას, რომ კვლავ 15 თვის განმავლობაში მოთმინებით ველოდოთ ისრაელის აგრესიის ფონზე დიპლომატიას, რომელმაც შედეგი ვერ მოიტანა,“ - განაცხადა მან.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ პირობების შესრულება რთული იქნება. მარტში „ჰეზბოლამ“ ისრაელს ირანის მხარდასაჭერად შეუტია. საპასუხოდ ისრაელმა სამხრეთ ლიბანში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო და მიანიშნა, რომ კონფლიქტის დასრულების შემდეგაც შეინარჩუნებს გარკვეული ტერიტორიების ოკუპაციას.
„ჰეზბოლა“ ღიაა ლიბანის ხელისუფლებასთან სრული თანამშრომლობისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ჰეზბოლას“ განიარაღება, რასაც ზავის პირობებში დაჟინებით ითხოვენ აშშ და ისრაელი, დიდი ხანია პრაქტიკულად მიუღწეველ მიზნად მიიჩნევა, რადგან ლიბანის მთავრობა სრულად არ აკონტროლებს ამ დაჯგუფებას, რომელსაც ხშირად ქვეყნის ოფიციალურ შეიარაღებულ ძალებზე ძლიერადაც კი მიიჩნევენ.
ნაიმ კასემმა ასევე აღნიშნა, რომ მშვიდობა დამოკიდებული იქნება ასობით ათასი ლიბანელის დაბრუნებაზე, რომლებიც იძულებული გახდნენ თავიანთი სახლები დაეტოვებინათ.
ლიბანის ხელისუფლების მონაცემებით, ბოლო ომის დროს დაახლოებით 2300 ლიბანელი დაიღუპა.
თავის მხრივ, ისრაელი აცხადებს, რომ დაიღუპა სულ მცირე 13 სამხედრო და ორი მშვიდობიანი მოქალაქე.
დონალდ ტრამპმა 16 აპრილს განაცხადა, რომ ისრაელმა და ლიბანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს.