საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ლიბანში საარტილერიო თავდასხმის შედეგად ფრანგი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა.
ამის შესახებ მან X-ზე დაწერა.
მაკრონის თქმით, ლიბანში დაიღუპა ფრანგი მშვიდობისმყოფელი ფლორიან მონტორიო, რომელიც შედიოდა ქალაქ მონტობანის მე-17 პარაშუტულ-საინჟინრო პოლკის შემადგენლობაში. კიდევ სამი სამხედრო დაშავდა და ისინი ევაკუირებულნი არიან.
„ყველა გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ ამ თავდასხმაზე პასუხისმგებელია „ჰეზბოლა“. საფრანგეთი ლიბანის ხელისუფლებისგან მოითხოვს დაუყოვნებლივ დააკავოს დამნაშავეები და შეასრულოს თავისი ვალდებულებები UNIFIL-ის ფარგლებში", - წერს მაკრონი.
UNIFIL-მა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ეს იყო მშვიდობისმყოფელებზე მიზანმიმართულ თავდასხმა „არასახელმწიფო აქტორების მხრიდან, სავარაუდოდ ჰეზბოლას მიერ“, იმ დროს, როდესაც ისინი ახორციელებდნენ განაღმვით სამუშაოებს. დაშავებული სამი მშვიდობისმყოფელიდან ორს მძიმე დაზიანებები აქვს.
UNIFIL - ეს არის გაეროს დროებითი ძალები ლიბანში. ფრანგი მშვიდობისმყოფელები ამ მისიის ფარგლებში ლიბანში 1978 წლიდან იმყოფებიან.