დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში ვითარება ჯერ კიდევ არ არის ნორმალიზებული და თეირანს მოუწოდა, საერთაშორისო საზღვაო მიმოსვლა სრულად აღადგინოს.
ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა.
კუპერის თქმით, ჰორმუზის სრუტეში მდგომარეობა ჯერ არ დაბრუნებულა ჩვეულ რეჟიმში და ირანმა უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო ნავიგაციის სრულად აღდგენა.
„ჩვენ დიპლომატიური მოლაპარაკებების კრიტიკულ ეტაპზე ვართ, როდესაც ცეცხლის შეწყვეტა უკვე ძალაში შევიდა, თუმცა სრუტეში ნორმალური საზღვაო მიმოსვლა ჯერ არ აღდგენილა“, — აღნიშნა მან.
მისი თქმით, აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ზავი უნდა გადაიზარდოს მდგრად მშვიდობაში, რადგან ამ მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტის გახსნა მსოფლიო ეკონომიკისთვის აუცილებელია.
„აუცილებელია, რომ ჰორმუზის სრუტე ღია იყოს, რადგან ეს ხელს შეუწყობს მსოფლიო ეკონომიკებს, რომლებიც ახლა ფაქტობრივად მძევლად არიან აყვანილი“, — განაცხადა კუპერმა.
მისივე თქმით, საზღვაო მიმოსვლის თავისუფლების უზრუნველყოფის ძალისხმევას უკვე 50-ზე მეტი ქვეყანა უჭერს მხარს, ხოლო ათზე მეტი ქვეყანა მზად არის კონფლიქტის დასრულებისთანავე უზრუნველყოს საზღვაო მხარდაჭერა — მათ შორის განაღმვა და ნავიგაციის უსაფრთხოება.
კუპერის თქმით, ზავის გრძელვადიან შეთანხმებად გადაქცევისთვის ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი და მან ყველა მხარეს მოუწოდა, ცეცხლის შეწყვეტა დაიცვან.
ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტის ბლოკადის განაახლა, რადგან აშშ-მა უარი თქვა ირანის პორტებზე საზღვაო ბლოკადის მოხსნაზე.