ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ევროპელ კოლეგებს აცნობეს, რომ ადრე გაფორმებული კონტრაქტებით გათვალისწინებული იარაღის მიწოდება, ირანში მიმდინარე ომის ფონზე სავარაუდოდ, შეფერხდება .
ამის შესახებ Reuters ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ხუთმა წყარომ, ანონიმურობის პირობით, აღნიშნა, რომ ეს შეეხება რამდენიმე ევროპულ ქვეყანას, მათ შორის ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის სახელმწიფოებს, რადგან ირანში მიმდინარე ომი აშშ-ის იარაღის მარაგებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
წყაროების თქმით, აღნიშნული იარაღის ნაწილი შეძენილია აშშ-ის Foreign Military Sales (FMS) პროგრამის ფარგლებში, თუმცა ჯერ არ არის მიწოდებული. მათი ინფორმაციით, ამერიკელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ეს მიწოდებები, სავარაუდოდ, გადაიდება.
ევროპელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ეს შეფერხება მათ რთულ მდგომარეობაში აყენებს.
Foreign Military Sales (FMS) პროგრამის ფარგლებში უცხო ქვეყნები ამერიკული წარმოების იარაღს ყიდულობენ აშშ-ის მთავრობის ლოგისტიკური მხარდაჭერითა და თანხმობით.
დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში ვაშინგტონი ნატო-ს ევროპელ პარტნიორებს მოუწოდებდა, მეტი ამერიკული წარმოების შეიარაღება შეეძინათ, განსაკუთრებით FMS პროგრამის მეშვეობით, როგორც იუწყებიან, ეს იყო მცდელობა, ევროპული თავდაცვის პასუხისმგებლობის ნაწილი აშშ-დან ევროპელ მოკავშირეებზე გადასულიყო.
თუმცა ასეთი მიწოდებები ხშირად იგვიანებს, რაც უკმაყოფილებას იწვევს ევროპულ დედაქალაქებში.
ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ იარაღი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომისთვის არის საჭირო და ადანაშაულებენ ევროპულ ქვეყნებს იმაში, რომ ისინი საკმარისად არ ეხმარებიან აშშ-სა და ისრაელს ჰორმუზის სრუტის გახსნაში.