ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ევროპა დღეს „ღრმა მორალური სისუსტითაა დაავადებული“. მისი გამოსვლა გაკეთდა ჰოლოკოსტის ხსოვნის დღის ცერემონიაზე, რომელიც წელს უსაფრთხოების ვითარების გამო წინასწარ იყო ჩაწერილი.
„ევროპა კარგავს კონტროლს საკუთარ იდენტობაზე, ღირებულებებზე და ცივილიზაციის დაცვაზე ბარბაროსობის წინააღმდეგ,“ - თქვა მან.
მისი თქმით, ისრაელი იცავს ევროპას, „რომელსაც ჰოლოკოსტის შემდეგ ბევრი რამ დაავიწყდა“.
„მას ჩვენგან ბევრი აქვს სასწავლი, განსაკუთრებით ის ფუნდამენტური გაკვეთილი, რომ სიკეთესა და ბოროტებას შორის მკაფიო მორალური განსხვავებაა, რაც გადამწყვეტ მომენტებში ომში წასვლასაც კი მოითხოვს სიცოცხლის დასაცავად,“ - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, ისრაელი ამ „მარადიულ პასუხისმგებლობას“ არ ივიწყებს და შეერთებულ შტატებთან ერთად ქმნის ალიანსებს, რომლებზეც მომავალში ილაპარაკებენ.
მისივე თქმით: „ისრაელი და აშშ თავისუფალი სამყაროს წინა ხაზზე დგანან.“
ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა, რომ ორ ერთობლივ ოპერაციაში ბოლო წლის განმავლობაში მათ „გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს ირანის ბოროტ რეჟიმს“.
ნეთანიაჰუს თქმით, თუ ეს ქმედებები არ განხორციელდებოდა, ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს — ნათანზს, ფორდოს, ისფაჰანსა და პარჩინს — შესაძლოა, ისეთივე შიშით ეხსენებინასთ, როგორც ჰოლოკოსტის ბანაკები.
მან მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს „ისტორიულად უპრეცედენტო პარტნიორობისთვის“ და თქვა, რომ სწორედ ეს ერთობლივი მოქმედებები იყო გადამწყვეტი.
„ჩვენ ვმოქმედებთ ისე, რომ მომავალმა თაობებმა აღარ იკითხონ: ‘რა იქნებოდა, თუ?’“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ.