16 თებერვალს, იუსტიციის სასწავლო ცენტრში იმიტირებული სასამართლო პროცესების სტუდენტური კონკურსის ფინალში გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. კონკურსში გამარჯვებულ გუნდს წარმატება საქართველოს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ, დავით საყვარელიძემ მიულოცა და მათ სპეციალური სერთიფიკატები გადასცა. დამარცხებული გუნდის წევრებს კი, ფინალში ასპარეზობისათვის, საპატიო სიგელები გადაეცათ.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინიცირებულ ინტელექტუალური შეჯიბრის დასკვნით ნაწილში ერთმანეთს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორი გუნდი შეხვდა. ფინალისტები ნაფიცი მსაჯულების წინაშე წინასწარ დამუშავებული კაზუსით წარსდგნენ, რომელიც მკვლელობის რეალურ საქმეს ემყარებოდა. ბრალდებისა და დაცვის მხარეების განსახიერებაში სტუდენტებს ჯგუფის ხელმძღვანელები - საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები დაეხმარნენ.
იმიტირებული სასამართლო პროცესების სტუდენტური კონკურსი საქართველოს პროკურატურამ 7 დეკემბერს გამოაცხადა. კონკურსამდე ტრენინგები ჩატარდა. მონაწილეები თეორიულ საკითხებს გაეცნენ და პრაქტიკოსი პროკურორებისგან კონკრეტული რეკომენდაციები მიიღეს. დასკვნით ნაწილში - სასამართლო პროცესების დადგმაში ძალები ექვსმა სტუდენტურმა გუნდმა მოსინჯა.
ტრენინგები პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში ჩატარდა, რომელიც საქართველოში 2006 წლიდან ხორციელდება. ის მიზნად ისახავს პროკურატურის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდას, დანაშაულის პრევენციის მიმართულებით მუშაობის ეფექტურობის უზრუნველყოფას, სამართალდამცველი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას.