დევნილებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება გრძელდება. ამჯერად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი გურამიშვილის #70-ში, ყოფილი „საქტრანმშენის" ბაგა-ბაღში მცხოვრებ დევნილებს ესტუმრა. მინისტრმა აღნიშნულ ობიექტზე სიმბოლურად ბუნებრივი აირი აანთო და დევნილებს ფართის დაკანონებაც მიულოცა.
აღნიშნულ ობიექტში აფხაზეთიდან დევნილი 14 ოჯახი (44 სული) ცხოვრობს. ობიექტის გაზიფიცირება რამდენიმე დღის წინ დასრულდა. შენობას სახურავიც შეუცვალეს.
როგორც დევნილებმა აღნიშნეს, ობიექტის გაზიფიცირებით მათ ბევრი პრობლემა მოეხსნებათ. მანანა ჭანტურია, აფხაზეთიდან დევნილი: „ადრე საკმაოდ ცუდ პირობებში ვიყავით. ძირითადი პრობლემა ის იყო, რომ ეს ფართი ჩვენი საკუთრება არ იყო. ფართი დაგვიკანონეს, სახურაციც გამოცვალეს და ბუნებრივი აირიც ჩაგვირთეს. დღემდე არ გვქონდა საშუალება, რომ ბუნებრივი აირით გვესარგებლა, გათბობაც გვიჭირდა, შეშაზე ვიყავით. ეხლა ეს პრობლემა მოგვეხსნა, გაზით ვთბებით და უფრო კომფორტულად ვართ. მადლობის მეტი რა გვეთქმის."
მინისტრის თქმით კი პროცესი შეუქცევადია და მანამ გაგრძლდება, სანამ დევნილები ღირსეულ პირობებში არ იცხოვრებენ: „აქ ცხოვრობენ გაგრელები და სოხუმელები. მათ საცხოვრებელი ფართები დავუკანონეთ, შევუყვანეთ ბუნებრივი აირი და უახლოეს მომავალში ელექტროენერგიის ინდივიდუალური მრიცხველებიც ექნებათ. რაც ყველაზე მთავარია, დევნილებისთვის ფართის დაკანონების პროცესი გრძელდება. თბილისში 12 000-მდე ოჯახზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. მათ ფართი დაუკანონდათ და თბილისელები არიან. ისევე ცხოვრობენ, როგორც ადგილობრივები. პროცესი გრძელდება. წლების წინ ვერც კი ვიფიქრებდი, რომ დევნილები ბუნებრივი აირით ისარგებლებდნენ, მაგრამ, სახელმწიფომ ეს ყველაფერი მოახერხა. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან დიდი საქმეა და დევნილები აფხაზეთში დაბრუნებამდე უკეთესად იცხოვრებენ."
ამ ეტაპისთვის, საქართველოს მასშტაბით საცხოვრებელი ფართი 22 000-მდე დევნილ ოჯახს (70 000-მდე ადამიანი) დაუკანონდა. თბილისში დაკანონებულია 278 საცხოვრებელი ობიექტი, რეგიონებში კი 343.