დღეს, 16 თებერვალს, ჩოხოსან რაინდთა დასის წევრები დიდუბის პანთეონში ცნობილი ქართველი მსახიობის, ლადო მესხიშვილის საფლავს ყვავილებით შეამკობენ.
როგორც ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასის თავმჯდომარე გოგი დოლიძე აცხადებს, ლადო მესხიშვილისთვის პატივის მისაგებად თეატრისა და კინოს მოღვაწეები, ხელოვნების თაყვანისმცემლები შეიკრიბებიან.
შეგახსენებთ, 1890-1896 წლებში ლადო მესხიშვილი თბილისის, 1897-1906 წლებში კი ქუთაისის დრამატულ დასებს ხელმძღვანელობდა. მისი უმნიშვნელოვანესი როლები იყო ლევან ხიმშიაშვილი (ერისთავის "სამშობლო"), გაიოზ ფარავა (გუნიას "და-ძმა"), სულეიმანი (სუმბათაშვილის "ღალატი"), ჰამლეტი (შექსპირის "ჰამლეტი"), ურიელ აკოსტა (გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), კეისარი (შექსპირის "იულიუს კეისარი"), ფრანც და კარლ მოორები (შილერის "ყაჩაღები"), რუი ბლაზი (ჰიუგოს "რუი ბლაზი"). საინტერესოა, ასევე, ლადო მესხიშვილის მიერ შექმნილი კომედიური და სახასიათო სახეებიც.