პიტერ ანდრეოლის ვიზიტი ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველომ შეძლოს ყველა ეკონომიკური პროექტიდან მაქსიმუმის წამოღება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აშშ-ის ინტერესი რეგიონისადმი ასეა გაძლიერებული. სამწუხაროდ, დღეს ეს არ არის შესაძლებელი, რადგან ხელისუფლება რეჟიმს აქვს მიტაცებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„შეთანხმება აზერბაიჯან-სომხეთს შორის და სამხრეთ კავკასიაში ნებისმიერი პროექტის განხორციელება უნდა გულისხმობდეს საქართველოს თანამონაწილეობას, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველო ამ უდიდეს შესაძლებლობას და პოტენციალს ივანიშვილის რეჟიმის პირობებში კარგავს, რადგან ის, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის გაჩერების პირობებში, საქართველოში აძლიერებს ისეთი რეჟიმების გავლენებს, როგორებიც არის კომუნისტური რუსეთი, კომუნისტური ჩინეთი და ტერორისტული ირანი, რომელთანაც, იცით, რომ აშშ ღია ომშია. ამაზე ჩვენი ამერიკელი მეგობრები ინფორმირებულები არიან, მათ შორის ისინი, ვინც ახლა საქართველოში იმყოფებიან. თავად დირექტორ ანდრეოლის ჩასვლა ფოთის პორტში და შემდგომ ანაკლიაში, ბუნებრივია, ღიად მიანიშნებს, რომ ვიზიტი ურთიერთობების გადატვირთვისთვის არ დაგეგმილა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ხვდება ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ამითაც თავისთავად უნდა შეუქმნას ყველას სურათი იმ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, რაც აქვთ მათ ამ ვიზიტის დროს, რომ, რეალურად, ეს ვიზიტი არანაირ გადატვირთვას და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას არ ემსახურება და ვერ მოემსახურება. თუმცა ეს ვიზიტი ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველომ შეძლოს ყველა ეკონომიკური პროექტიდან მაქსიმუმის წამოღება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აშშ-ის ინტერესი რეგიონისადმი ასეა გაძლიერებული. სამწუხაროდ, დღეს ეს არ არის შესაძლებელი, რადგან ხელისუფლება რეჟიმს აქვს მიტაცებული, რომელიც ემსახურება არა ქართველი ხალხისა და შეერთებული შტატების ინტერესებს, არამედ ჩვენს ქვეყანაში ირანის, ჩინეთისა და რუსული გავლენების გაძლიერებას“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი იმყოფება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს, პიტერ ანდრეოლის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა გააცნო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკულმა დელეგაციამ, ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ალან პერსელთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოები, რომელსაც ბელგიური კომპანია „იან დე ნული“ (Jan De Nul) ახორციელებს.