"ჩემი მთავარი გზავნილი, როდესაც მე ვხვდებოდი აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირებს, იყო ის, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34 წლის თავზე, ჩვენ არ ვართ კმაყოფილი ურთიერთობების იმ დონით, რომელიც გვაქვს," - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ "რუსთავი 2-ის" გადაცემა "ღამის კურიერში" აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენაზე საუბრისას.
"ჩემი მთავარი გზავნილი, როდესაც მე ვხვდებოდი აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირებს, იყო ის, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34 წლის თავზე, ჩვენ არ ვართ კმაყოფილი ურთიერთობების იმ დონით, რომელიც გვაქვს.
ასევე, გამოვხატავდით ჩვენი ხელისუფლების პოზიციას, რომ ჩვენ გვსურს აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებული იქნება ურთიერთსარგებელზე. ეს იყო ჩემი მთავარი გზავნილი.
ვსაუბრობდით იმ მიზეზებზე, რამაც სტრატეგიული ურთიერთობების დროებით შეჩერება გამოიწვია, თუმცა მე ღიად ვამბობდი იმასაც, რომ ძველი სტრატეგიული ურთიერთობების ხარისხითაც არ ვიყავით კმაყოფილი, რადგან სტრატეგიული ურთიერთობა არ ნიშნავს მხოლოდ ფორმალურად გაფორმებულ ურთიერთობას - ის უნდა იყოს დატვირთული შინაარსით.
როდესაც ამ ურთიერთობას შინაარსი აკლია, მაშინ მის სტრატეგიულობაზე საუბარი რთულია. საუბრის თემა იყო, რომ გადავიდეთ ურთიერთობების ახალ ეტაპზე და განვსაზღვროთ, რა შეიძლება იყოს ის ურთიერთსარგებელი, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ.
მე არ მომისმენია, რომ აშშ-ს არ სურს საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობები. ასევე არ მომისმენია უარყოფა იმ არგუმენტისა, რომ ეს ურთიერთობა უნდა იყოს ურთიერთსასარგებლო და შინაარსით დატვირთული.
აქედან გამომდინარე, დავბრუნდი ოპტიმისტური განწყობით, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ მიმართულებით მუშაობა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.
თუმცა, რა თქმა უნდა, ეს დღეს და ხვალ ვერ მოხდება, რადგან ეს რთული სამუშაო პროცესია, მაგრამ მთავარია, რომ პროცესი დაიწყოს, შემდეგ კი ბევრ საკითხზე მოხდება შეთანხმება," - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.