აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს.
„პრეზიდენტ ტრამპთან სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრე, მათ შორის ეკონომიკაზე, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებსა და ჩვენს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობებზე - და შევთანხმდით, რომ მჭიდრო კონტაქტს შევინარჩუნებთ“, - წერს კარნი -X-ზე.
მისივე ინფორმაციით, ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრა მოიწვია, რა დროსაც ირანსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებები განიხილეს.
„შევკრიბე ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფი, რათა განგვეხილა ირანსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებები. ჩვენი შეხვედრა ფოკუსირებული იყო რეგიონში კანადელების დაცვის ძალისხმევასა და პარტნიორებთან კონფლიქტის დეესკალაციის მიზნით თანამშრომლობაზე. კანადა აგრძელებს ახლო აღმოსავლეთიდან და სპარსეთის ყურის რეგიონიდან გამგზავრების მსურველი კანადელებისთვის მოგზაურობის გამარტივებას. მივიღებთ ყველა შესაძლო ზომას საზღვარგარეთ მყოფი კანადელების, მათ შორის დიპლომატიურ მისიებში მყოფი კანადელების დასაცავად“, - წერს კანადის პრემიერ-მინისტრი.