საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ პროგრამა ,,აინშტაინის" ფარგლებში საბუნებისმეტყველო სასწავლო ლაბორატორია თბილისის 24-ე საჯარო სკოლას გადასცა.
სამინისტროში აცხადებენ, რომ ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაძლიერება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი და სტრატეგიული გეგმის ნაწილია.
"საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებს ოცნება აგვიხდინეს. ახალი ლაბორატორია დაგვეხმარება, საგანი საინტერესო და თვალსაჩინო გავხადოთ მოსწავლეებისათვის"_განაცხადა 24-ე სკოლის ფიზიკის მასწავლებელმა ხატია ნადარაიამ. ნადარაია ახლახანს დაბრუნდა ჟენევიდან, სადაც იგი სამინისტროს მიერ ფიზიკის 15 პედაგოგთან ერთად, ბირთვული კვლევების ცენტრ "ცერნში" იყო წარგზავნილი კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
შეგახსენებთ, ეტაპობრივად, ყველა საჯარო სკოლა ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის თანამედროვე ლაბორატორიებით აღიჭურვება. ლაბორატორიები 3 სრული კომპლექტისაგან შედგება და თითოეულში გაერთიანებულია კონკრეტული საგნის (ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა) სასწავლო თემატიკის შესაბამისი ქვეკომპლექტები.