ოპოზიცია საპროტესტო აქციების ტალღას ნოემბრის პირველი რიცხვებიდან განაახლებს. ამის შესახებ მოძრაობა "ერთიანი საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მისი პარტია კვლავ ძველ პოზიციაზე რჩება და განაგრძობს შეურიგებელ ბრძოლას სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეკა ბესელიამ განაცხადა, უნდა მოხდეს კოორდინაცია პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის და ერთობლივად დაისახოს გეგმა არსებულ რეჟიმთან საბრძოლველად.
ბესელიას თქმით, დაიწყება საერთო სახალხო მოძრაობა, რომელიც გამორიცხავს კომპრომისს და მოლაპარაკებებს სააკაშვილის რეჟიმთან.
"უნდა მოხდეს პოლიტიკური ძალებისა და სამოქალაქო საზოგადოების კოორდინაცია ერთი იდეის ქვეშ და ამ მოძრაობაში უნდა ჩაერთოს ფართო მასები. ეს მოძრაობა გამორიცხავს კომპრომისებს და გარიგებებს სააკაშვილის რეჟიმთან. ოპოზიციურ პარტიებს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები, რომელიც უახცლოეს მომავალში დასრულდება. შევთანხმდებით ერთიან სტრატეგიაზე, რომელიც გულისხმობს საპროტესტო მოძრაობის დაწყებას არა უგვიანეს ნოემბრის პირველი რიცხვებისა", _ განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" გარდა საპროტესტო მოძრაობის მომხრეები არიან ასევე კონსერვატორები, ბურჯანაძის "დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოსთვის", სალომე ზურაბიშვილის "საქართველოს გზა" და "ეროვნული ფორუმი.