დღეს ვალენტინობაა. უკანასკნელ ხანს ეს კათოლიკე წმინდანი ზოგიერთ ქართველსაც განსაკუთრებით შეუყვარდა, მაშინ, როცა თავად კათოლიკური ეკლესია ვალენტინს სიყვარულის მფარველ წმინდანად არ ცნობს. თბილისში არსებულ კათოლიკურ ტაძრებში ვალენტინის ხსენების დღეს არ აღნიშნავენ.
ლეგენდის თანახმად, გულადი ეპისკოპოსი_ვალენტინი, იმპერატორ კლავდიუს მეორის აკრძალვის მიუხედავად, შეყვარებულ წყვილებს ფარულად წერდა ჯვარს. იმპერატორს დაუქორწინებელი ვაჟები სამხედრო მიზნებისთვის სჭირდებოდა.
დაუმორჩილებელი ვალენტინი ციხეში ჩასვეს, სადაც ციხის ზედამხედველის ქალიშვილი_ჯულია შეუყვარდა და სიკვდილის წინ მას წერილიც მისწერა. ხოლო მოგვიანებით, ზუსტად 14 თებერვალს, ვალენტინი სიკვდილით დასაჯეს.
კათოლიკე მოძღვრების თქმით, მესამე საუკუნეში წმინდა ვალენტინის არსებობა მართლაც დასტურდება. იგი ეპილეფსიით დაავადებულთა მფარველად ითვლებოდა. წყაროები მოგვითხრობენ, რომ ქრისტიანთა დევნისას რომის მოქალაქე ვალენტინს თავი მოჰკვეთეს.
ვალენტინამდე ბევრად ადრე "ღია გულების" დღედ 14 თებერვლის გამოცხადება ანტიკურ ხანას უკავშირდება.
ძველ რომში 14 თებერვალს ოჯახის მფარველ ქალღმერთ იუნონას დღესასწაულს ზეიმობდნენ. მოგვიანებით ეს თარიღი ვალენტინს მიაწერეს.