დღეს, სვანები ადრე საგაზაფხულო დღესასწაულს "ლამპრობას" აღნიშნავენ.
დევნილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა, ქვემო ქართლის ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღესასწაული დღეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, კოდორიდან დევნილ მოსახლეობასთან ერთად აღნიშნეს.
ტრადიციის თანახმად, 06.00 საათზე, ყველაზე ოჯახში, ხისგან გამოთლილი ლამპარი აინთო და მელამპრეები იქვე ახლოს, დათქმული ადგილისკენ დაიძრნენ. ლამპრობის რიტუალს ჩოხებში გამოწყობილ მომღერალთა გუნდი მიჰყვებოდა, რომელიც სვანურ სიმღერებს ასრულებდა. დღესასწაულში წინწყაროში ჩასახლებული კოდორიდან დევნილი 60-მდე ოჯახის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
"ლამპრობა" უძველესი სვანური დღესასწაულია, რომელიც წმინდა გიორგის სახელს ეძღვნება. ლამპრების რაოდენობა ოჯახში მამაკაცების რაოდენობით განისაზღვრება. ერთი ლამპარი მზადდება ოჯახის სახელზე, რასაც ემატება კიდევ იმდენი ლამპარი, რამდენი მამაკაციც არის ოჯახში. ლამპარი ხისგან არის გამოთლილი, რომელიც სალოცავამდე არ უნდა ჩაქრეს. "ლამპრობა" მოძრავი დღესასწაულია და მისი აღნიშვნის დრო ახალ მთვარეზეა დამოკიდებული. ის ტრადიციის თანახმად, აღდგომამდე ათი კვირით ადრე იმართება.